weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხანგოშვილი შესაძლოა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია - გერმანული მედია

19:43 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019

გერმანული მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილი შესაძლოა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია და სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობენ გერმანიის საგამოძიებო სტრუქტურები. „დოიჩე ველემხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობები მიმოიხილა. გამოცემა აღწერს მკვლელობის სცენას და დანაშაულის შესაძლო მოტივს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის პირველ საათებში მედიამ კარგად ვერ გაიაზრა ამ დანაშაულის მნიშვნელობა. გერმანულ მედიაში წაიკითხავდით ასეთ სათაურებსაც - „რუსის მიერ მოკლული ქართველი“ ან „ველოსიპედისტის მიერ მოკლული ქვეითი“, თუმცა თანდათან გერმანიის პოლიციისა და პროკურატურის წინაშე სულ სხვა სურათი დაიხატა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს შესაძლოა, გერმანია შეკვეთილი მკვლელობის წინაშე აღმოჩნდეს.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით მკვლელობის სცენასაც აღწერს. 23 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა, როდესაც მკვლელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა. პირველად ზურგში, ხოლო მეორედ თავში. თავდამსხმელმა ველოსიპედი და გლოკის ტიპის იარაღი მდინარეში გადააგდო და წინასწარ გამზადებული მოპედით მიიმალა. პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა, ხოლო მყვინთავებმა მდინარეში დანაშაულის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს.

ეჭვმიტანილის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. დაკავებული 48-49 წლისაა და რუსეთის მოქალაქეა. თავდაპირველად, რამდენიმე გერმანული გამოცემა წერდა, რომ იგი წარმოშობით ჩეჩენია. 26 აგვისტოს კი გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელი ციმბირშია დაბადებული და ვადიმი ჰქვია, ხოლო გერმანიაში დანაშაულის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა.

Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, დაკითხვაზე ის „ცივსისხლიანივით“ იქცეოდა. ოფიციალურად ვერსიის მიხედვით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რამდენიმე გამოცემა ასევე წერს, რომ მის ბინაში დიდი ოდენობით ფული აღმოაჩინეს, სხვა გამოცემების თანახმად კი, დაკავებულს ფული თან ჰქონდა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მოტივი

ოფიციალურად ბერლინის პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა გაზეთ Berliner Zeitung-ის ცნობით, გამომძიებლებმა პირადი მოტივი ან ნარკოვაჭრობის ვერსია გამორიცხეს. გაზეთი შპიგელი და FAZ საგამოძიებო ორგანოში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ გამომძიებლებს შეკვეთილი მკვლელობის ვერსია ყველაზე სარწმუნოდ ეჩვენებათ.  

შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას აძლიერებს გავრცელებული ცნობები, რომლის თანახმადაც, გერმანიის გენერალური პროკურატურაც აქტიურად ადევნებს თვალყურს გამოძიებას. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ფედერალური ორგანოები მაშინ ერთვებიან გამოძიებაში, როდესაც დანაშაულში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ ეჭვი არსებობს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენების ნებართვა გასცეს.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში მოკლეს.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა და ბერლინში ცხოვრობდა. ხანგოშვილი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია „ზელო დიშნი“.

ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ხანგოშვილი აცხადებდა, რომ ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად შსს-ს წარმომადგენლებმა გააგზავნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]