weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საოკუპაციო ძალების დრონი სამოქალაქო პირის დრონს შეეჯახა - სუს

17:34 კვირა, 01 სექტემბერი 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ აბანოს მიმდებარედ საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა. სუს-ში აცხადებენ, რომ ოსური მხარის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველმა პოლიციელებმა ჩამოაგდეს დრონი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“,- განუცხადეს „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელზეც სუსი საუბრობს ანტიოკუპაციურ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ეკუთვნის. მისი ლიდერი დავით ქაცარავა „ფეისბუქზე“ წერს, რომ ოსური მხარის დრონი მათმა ჯგუფმა ჩამოაგდო:

„ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცოტა ხანში „რუსოსებმა“ ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი. საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ? ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?“- წერს ქაცარავა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ მათ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.

"საჭიროდ ვთვლით განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა არის ცალსახა პროვოკაცია და მტკიცებულება, რომ ქართული მხარე მოკლებულია მოლაპარაკების უნარს და ორიენტირებულია კიდევ ერთ შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაზე სამხრეთ ოსეთთან",- ნათქვამია განცხადებაში. 

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. 

30 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან მხარეებს შორის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ არ გადაიდგმება ნაბიჯები ესკალაციისკენ და მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა და ადგილზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშაც აღმართა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]