weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პროკურატურამ დიპლომატები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია - ხაზარაძე და ჯაფარიძე

10:56 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ფოტო © RFE/RL მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ფოტო © RFE/RL

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პროკურატურის მიერ მათ საქმესთან დაკავშირებით დახურულ შეხვედრაზე დიპლომატების მიწვევის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრაზე 6 სექტემბერს მიიწვია.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებების თუ დასკვნის წარდგენა. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის სასამართლო პროცესი.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას.

„ჩვენთვის გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებული) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად. ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.  

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქვე ყურადღებას ამახვილებენ, რომ მათ საქმეზე საჯარო განცხადებებს აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით ცდილობენ, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შექმნან საზოგადოებრივი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით. თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ყოველმხრივი ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე“, - აცხადეებნ ხაზარაძე და ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშები დააყადაღა.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]