weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან აქცია გაიმართა

15:17 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019
ფოტო © Sulkhan Bordzikashvili / Facebook ფოტო © Sulkhan Bordzikashvili / Facebook

პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართა ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით. ისინი გერმანიის ხელისუფლებას სთხოვენ, პასუხისგებაში მისცენ ყველა, ვინც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში, დღისით, მზისით მუხანათურად მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი. მოვითხოვთ, გამოძიებულ იქნეს დანაშაული. დაკავებული ჰყავთ ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებდა და მას ეყოლებოდა დამხმარე ხალხი. მოვითხოვთ, დააკავონ ყველა, ვინც ამ დანაშაულს ხელი შეუწყო; დამნაშავეების რუსეთისთვის გადაცემა არ შეიძლება. მოვითხოვთ, ეს ხალხი არ გადასცენ რუსეთს. ისინი უნდა დარჩნენ გერმანიაში და გასამართლდნენ გერმანიის კანონით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვახტანგ ფარეულიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, გერმანიის ხელისუფლება მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს, მისი მოთხოვნის მიუხედავად, რუს დიპლომატებთან შეხვედრის უფლებას არ უნდა აძლევდეს.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა ზელიმხან ხანგოშვილის ევროპაში მყოფი ნათესავებისა და ახლობლების უსაფრთხოებას ეხება.

„ისინი არ არიან დაზღვეულნი ასეთი მკვლელობებისგან. მაქსიმალრად უნდა იყვნენ დაცულნი. ემიგრანტებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეთ, რომ იგივე არ განმეორდეს“, – აღნიშნა ფარეულიძემ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, საელჩოს წარმომადგენლისგან მიიღეს დაპირება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

„2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში დაესხნენ თავს. ეს საქმე იქნა შეწყვეტილი და თაროზე შემოდებული.

მოვითხოვთ, გამოიძიონ, რატომ შეწყვიტეს ეს საქმე და დაადგინონ, იყვნენ თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებულნი ის ჯგუფები, რომლებიც მას თავს თბილისსა და ბერლინში დაესხნენ. გერმანიას ვთხოვთ, დააკავშიროს ეს საქმეები და აქედან დაიწყოს გამოძიება, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ფოტო © Sulkhan Bordzikashvili / Facebook

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მოკლულის ახლო ნათესავების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მას გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 49 წლის ვადიმ სოკოლოვი მალევე დააკავეს. ბერლინის პოლიციამ მისი ფოტო გამოაქვეყნა და გამოძიებაში დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს. ვრცელდება ცნობები, რომ გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის ბინაში დიდი ოდენობით ფული იპოვეს. ვადიმ სოკოლოვი ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა. გერმანული მედიის ცნობით, მას მოსკოვში უკან დასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ეთნიკური ჩეჩენი და რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელი „ზელო დიშნი“ იყო.

ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ხანგოშვილი აცხადებდა, რომ ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად შსს-ს წარმომადგენლებმა გააგზავნეს.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შსს-მ ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. ადვოკატების თქმით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები წაიშალა. ზელიმხან ხანგოშვილი მასზე თავდასხმას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]