weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საჯარო სამსახურში საწვავს მივლინების და შვებულების დროსაც ხარჯავენ - აუდიტის ანგარიში

12:26 კვირა, 15 სექტემბერი 2019

სახელმწიფო ავტოპარკის მართვის და რეგულირების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, საჯარო მოხელეები და მოსამსახურე პირები ბიუჯეტის თანხას ხარჯავდნენ საწვავში მაშინ, როდესაც ქვეყნის გარეთ და შიგნით მივლინებაში ან შვებულებაში იმყოფებოდნენ.

აუდიტის სამსახურმა სულ 735 განპიროვნებული ავტომობილის საწვავის მოხმარების პრაქტიკა შეამოწმა. საქართველოს კანონმდებლობით, განპიროვნებულია ავტომობილი, როცა ის დაწესებულების ბალანსზეა და ამ ავტომობილით კონკრეტული თანამშრომელი სარგებლობს.

ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. მაკონტროლებელმა უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეამოწმა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, კონკრეტული ადამიანის სარგებლობისთვის გამოყოფილ ავტომობილებს მათი შვებულებაში ყოფნის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან შიგნით მივლინებების დროს იყენებდნენ. სამივე შემთხვევის გათვალისწინებით, აუდიტის სამსახურმა ჯამში 31 481 ლიტრი საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა გამოვლინა. თუ ერთი ლიტრის საწვავის ღირებულებად ავიღებთ 2.31 ლარს (ფასი მითითებულია თავად აუდიტის ანგარიშში) ავტომობილების მივლინებებში და შვებულებაში გამოყენებისთვის 72 721 ლარია დახარჯული.

მაშინ, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირები თუ თანამშრომლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებით იმყოფებოდნენ, მათი სარგებლობისთვის განკუთვნილი ავტომობილები მაინც გამოიყენებოდა. აუდიტის სამსახურმა ასეთი 44 შემთხვევა, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ 7 ორგანიზაციაში გამოავლინა. აუდიტის თანახმად, არამიზნობრივად 1633 ლიტრი ბენზინი დაიხარჯა.

მსგავსი შემთხვევები აუდიტის სამსახურმა ქვეყნის შიგნით მივლინებების დროსაც გამოააშკარავა. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ 5 ორგანიზაციაში 158 შემთხვევაში გამოიყენეს კონკრეტული პირისთვის გათვალისწინებული ავტომობილი, როცა ის მივლინებაში იმყოფებოდა ქვეყნის შიგნით და მისთვის სხვა ტრანსპორტი იყო გამოყოფილი. ამგვარად, არამიზნობრივად დაიხარჯა 5946 ლიტრი საწვავი.

აუდიტის სამსახურმა საწვავი არამიზნობრივი ხარჯვა კონკრეტული პირების შვებულების დროსაც დაადგინა. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ 10 ორგანიზაციაში 673 შემთხვევაში, გამოიყენეს კონკრეტული პირისთვის გათვალისწინებული ავტომობილი, როცა ის შვებულებაში იმყოფებოდა. ამგვარად, არამიზნობრივად დაიხარჯა 23 902 ლიტრი საწვავი.

„12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლოატაცია. შსს-ს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს − შვებულების პერიოდშიც ესარგებლა სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს“,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]