weather cur horoscope tv
ნოემბერი 20, 2019

გზა აფხაზეთისკენ - ინტერვიუ ილია ჭკადუასთან, რომელმაც ფსოუს საზღვრამდე იმოგზაურა

16:26 პარასკევი, 27 სექტემბერი 2019 hits 653
ბედიის მონასტერი - ფოტო ილია ჭკადუა ბედიის მონასტერი - ფოტო ილია ჭკადუა

არავინ იცოდა, აფხაზეთში რომ წავიდა. მხოლოდ ენგურს იქით იცოდნენ და ელოდნენ. გაუმართლა და ორჯერ ისე იმოგზაურა ფსოუს საზღვრამდე, აფხაზ მილიციელებთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია. რომ ჰქონოდა, შესაძლოა, ვერც დაბრუნებულიყო, ვერც ის ვიდეო და ფოტომასალა ჩამოეტანა, რომელშიც მთელი აფხაზეთი მოაქცია - პეიზაჟები, პორტრეტები, ხედები და რაც მთავარია - 23 ეკლესია-მონასტერი.

ამ მასალით ვიდეოფილმი უკვე მომზადდა. ფოტოების გამოყენებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წიგნს ამზადებს და როგორც „რეგინფოს“ სააგენტოში უთხრეს, დაინტერესებული მკითხველი წიგნს მომავალი წლის დასაწყისისთვის იხილავს. თავად ილია ჭკადუა, იგივე ვაჩე, როგორც მას მეგობრები ეძახიან, პოემაზე მუშაობს. სურს, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღონ, რომლითაც აფხაზებისა და ქართველების ერთმანეთთან მისასვლელი გზის დანახებას შეეცდება.

აფხაზეთში მოგზაურობა, განსაკუთრებით კი მეორე ჩასვლა, ემოციურად მძიმე და დამთრგუნველი იყო. ვაჩემ „რეგინფოს“ უამბო, როგორ და სად იმოგზაურა, როგორ მოახერხა ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოდ მოვლა, რა ნახა იქ, როგორ ცხოვრობენ ქართველები და აფხაზები, ხედავს თუ არა ერთმანეთთან მისასვლელ გზას.

რატომ წავიდა აფხაზეთში...

- რატომ გაგიჩნდათ აფხაზეთში წასვლისა და იქ მოგზაურობის სურვილი ან გამბედაობა - იქ უსაფრთხოება გარანტირებული ალბათ, ვერ იქნებოდა.

- თავდაპირველად იყო ოცნება, აფხაზეთი მენახა. იქ ჩასვლამდე რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვმოგზაურობდი და ვიღებდი ძეგლებს, პეიზაჟებს, სოფლებს, რაც ამა თუ იმ კუთხეს გამოარჩევს. შემდეგ ჩვენი ისტორიული ტერიტორიები - ტაო-კლარჯეთი, ლორე, ლაზეთი, ჰერეთი მოვინახულე და გამორჩეული ადგილები გადავიღე. ამის შემდეგ აფხაზეთში ჩასვლის სურვილი გამიჩნდა. რამდენიმე მიზეზი მქონდა, რამაც აფხაზეთში მოხვედრა გადამაწყვეტინა. პროტესტის გრძნობასთან ერთად მქონდა აფხაზეთის ნახვის უდიდესი სურვილი. გარდა ამისა, მინდოდა, რაც გადავიღე ჩვენს საზღვრებში არსებული თუ  ისტორიული ტერიტორიები, ერთ წიგნში გამეერთიანებინა და პირობითად, დამერქვა „ერთიანი საქართველო“ ანუ ისტორიული საქართველო და არა დანაწევრებული. ამ წიგნის განზრახვა აღმოჩნდა კიდევ ერთი მიზეზი, როს გამოც აფხაზეშთი ჩასვლა გავბედე. პირველად 2016 წელს 11 დღით, მეორედ კი 2017 წელს - 19 დღით ვიყავი აფხაზეთში. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დახმარებით მოვახერხე გადასვლა, ყველა რაიონში მოვახერხე ჩასვლა და გადაღება. უპირველესად კულტურული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადაღება მინდოდა, ასევე პეიზაჟები, სოფლები, პორტრეტები შეძლებისდაგვარად.

- სადაც ათევდით ღამეს, იცოდნენ, რომ აქედან იყავით გადასული და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თქვენს მიმართ?

- მაგალითად, გალში ერთ-ერთი მეგრელის ოჯახში დავბინავდი. თავიდანვე ცოტა შეცბუნებულები კი იყვნენ, მაგრამ კარგად მიმიღეს, სტუმარ-მასპინძლურად იმ იმედით, რომ მეორე დღეს წავიდოდი და გზას გავაგრძელებდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადასაღებად გალის რაიონში 4 დღით დარჩენა მომიწია. ამ ოჯახში ჩემს მიმართ ყოველდღე უფრო და უფრო იძაბებოდა დამოკიდებულება და ხდებოდა დაშინება. თავად ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ ჩემს გამო - რომ ვინმეს ჩემზე არ გაეგო და არ გასულიყო ინფორმაცია, რომ ვიღაც „არალეგალურად“ არის გადმოსული, მასალებს იღებს და უნდა გადაიტანოს. ამ შიშის გამო ჩემზე ზეწოლა უფრო და უფრო მძაფრდებოდა იმის შიშით, მე რომ იქ დავეჭირე, რა მოხდებოდა. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან დიდი საშიშროება მემუქრებოდა, მათაც საფრთხეში ვაგდებდი და ჯობდა, უკან დავბრუნებულიყავი. ბოლოს მათ მომთხოვეს, დამეტოვებინა მათი სახლი და წავსულიყავი.

შემდეგ მოხდა ისე, რომ გავიცანი ერთი კარგი ადამიანი, რომელმაც დამაკავშირა აფხაზს. ის აფხაზიც გარკვეულწილად შიშის ქვეშ იყო, მაგრამ გალის რაიონი მაინც გადამაღებინა. ერთი ღამე მის ოჯახში გავათიე, საღამოს კარგად მიმასპინძლეს, მაგრამ შიშის გამო მათაც მომთხოვეს, წავსულიყავი და მეორე დღეს გზა მშიერმა გავაგრძელე. ანუ გალელები, თითქმის ყოველი მათგანი მართლაც დიდ შიშში ცხოვრობს. 

- გალის შემდეგ მთელი აფხაზეთი მოიარეთ?

- დიახ, ყველა რაიონი შემოვიარე, სოჭის საზღვრამდე ვიყავი მისული, უფრო სწორედ, რამდენიმე ასეული მეტრით გადავედი საზღვრიდან და სოჭის ხედებიც გადავიღე. სოჭისკენ მოგზაურობის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ იქ აღარავინ მყავდა. ფაქტობრივად, სიცოცხლით ვრისკავდი. სასაუბრო ენა ანუ რუსულიც კი არ ვიცი. აფხაზების ოჯახში, სადაც ბოლოს ვიყავი, ქართულად საუბრობდნენ, საბედნიეროდ. თუმცა, ქუჩაში, მოგზაურობისას, გადაღებისას ქართულად საუბარს მიშლიდნენ, მირჩევდნენ, ჩემივე უსაფრთხოებისთვის ქართულად არ მესაუბრა. სიფრთხილისკენ მომიწოდებდნენ გადაღების დროსაც, მაგალითად მანქანიდან ფოტოაპარატი არ გადამეყო გადასაღებად და არავის დავენახე. იყო ასეთი შემთხვევა - სოხუმში მანქანიდან ქუჩებს ვიღებდი და ჩემს ობიექტივში მოხვდა მათი მილიციის მანქანა, საკმაოდ ახლოდან მქონდა გადაღებული. ვიგრძენი, მანქანიდან დამინახეს, რომ ფოტო გადავიღე. მილიციის მანქანა დაიძრა და უკან გამოგვყვა. მანქანით მოვუმატეთ სიჩქარეს, ასევე მოუმატა მილიციის მანქანამაც, მაგრამ საბოლოოდ დაგვკარგა და აღარ მოგვდევდნენ. გამიმართლა და უშუალოდ, პირადად მე იქაურ მილიციელებთან  შეხება არ მქონია იმის მიუხედავად, რომ გალის რაიონიდან სოჭის საზღვრამდე გზაზე დაახლოებით 9 პუნქტია. ამ პუნქტებზე გვაჩერებდნენ და ამოწმებდნენ მძღოლის დოკუმენტებს, ჩემი არ შეუმოწმებიათ, თორემ არ ვიცი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. როდესაც აფხაზეთში რაიმე მძიმე დანაშაული ხდება - მკვლელობა, ყაჩაღობა ან ციხიდან გაიქცევა ვინმე, კონტროლი ძლიერდება და მანქანებში მსხდომებსაც ამოწმებენ. გამიმართლა და ასეთი მშვიდობიანი ვითარება იყო. 

ტაძრები - გადაღებილი ან დანგრეული...

- მთლიანობაში რამდენი ტაძრის გადაღება მოახერხეთ და რომელი ტაძარია ყველაზე მძიმე მდგომარეობაში?

- სულ 15 ტაძრის გადაღება მოვახერხე.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ილორის ტაძარია იმ თვალსაზრისით, რომ მთლიანად სახეშეცვლილია - იატაკზე მეტლახია დაგებული, კედლები თეთრად არის შეღებილი. მთლიანობაში რუსული იერსახე აქვს მიცემული და ქართული ნიშან-წყალიც აღარ აქვს.

არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ უპატრონობით, ბედიის მონასტერი. ფრესკები ჩამოფხეკილია, არავინ ჰყავს პატრონი. ამ მონასტერს ყურადღებას არავინ აქცევს იმ მწყემსების გარდა, რომლებიც იქ საქონელს მწყემსავენ. ბედიის ტაძარი ომის დროს დაიბომბა და დღემდე ისეთივე მდგომარეობაშია. შიგნით ხარაჩოებია გაკეთებული, რადგან გუმბათის მორღვევისა და ჩამოგდების მერე ფიცრებისგან ჭერი გააკეთეს. სანამ ჭერს გაუკეთებდნენ, წვიმა ჩადიოდა და კედლებზე ფრესკებსა თუ ხელნაწერებს რეცხავდა. ამჟამად ბედიის ტაძარში ფრესკების ძალიან მცირე კვალია დარჩენილი. ასევე სავალალო მდგომარეობაშია ბედიის მონასტრის კარიბჭესთან მდებარე ბიბლიოთეკა.

- იმ ტაძრებს შორის, რომლებიც გადაიღეთ, რომელიმე მოქმედია? სადაც მოქმედია, რა ენაზე მიმდინარეობს მსახურება?

- მოქმედია ილორის და დრანდის ტაძრები. დრანდის ტაძარიც ილორის მსგავსად გარედან თეთრად გადაღებილია და შეცვლილია, ტაძარში რუსული ტიპის ხატებია, ხალიჩებია დაფენილი და შესასვლელში დახლებზე სანთლები და სხვადასხვა საეკლესიო ნივთები იყიდება. იქ აღევლინება ლოცვა. მსახურება რუსულ ენაზე სრულდება. ასევე ლოცვა აღევლინება აბაათას ეკლესიაში, იქაც რუსულად. რაც შეეხება ბიჭვინთის მონასტერს, იქ მსახურება არ ხდება, როგორც ვიცი, ის უფრო საკონცერტო დარბაზის ტიპის ეკლესიაა, სადაც არღანი და მსმენელებისთვის სკამები დგას, ამბიონი და საკურთხეველი კი გადასწორებულია და ფიცრის იატაკია. ოქუმის მონასტერში ქართული ხატები, მათ შორის მამა გაბრიელის ხატი, ასევე ქართულად ხელნაწერი წიგნები იყო.  სავარაუდოდ, ამ ეკლესიაში პერიოდულად მოდის ქართველი მღვდელი და ადგილობირვებისთვის წირვას ქართულად ატარებს.

- რა სახით მოიყარა თავი თქვენს მიერ ჩამოტანილმა მასალებმა?

- ჩემი გადაღებული ვიდეომასალით, როგორ უკვე ვთქვი, ფილმი მომზადდა. ფოტოების გამოყენებით კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წიგნს ამზადებს. ასევე, დაახლოებით 60 გვერდზე პროზის სახით მაქვს აღწერილი აფხაზეთში მოგზაურობა და ამას საზოგადოება გარკვეული დროის შემდეგ გაეცნობა. ამჟამად კი ვწერ პოემას, სცენარს, რომლითაც მინდა, სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მოხდეს. ვცდილობ, ამ სცენარში ჩავდო იმ კარის გასაღები, საიდანაც გამოჩნდება გზა აფხაზეთისკენ. 

როგორ ცხოვრობს ხალხი აფხაზეთში...

- გალის რაიონის ზემოთ - ოჩამჩირის, გულრიფშის და ტყვარჩელის რაიონებში რა მდგომარეობაა, ცხოვრობს იქ ხალხი?

- მაგ ტერიტორიაზე ბევრი გადამწვარი სახლია, სადაც არავინ ცხოვრობს. 15-ზე მეტი დამწვარი, ცარიელი სახლი გადავიღე გალშიც და ზემოთა რაიონებშიც. ვინც მოახერხა დაბრუნება და თავისი სახლის აღდგენა, ჩუმად და წყნარად ცხოვრობს. 

- უკვე ისაუბრეთ იმაზე, რომ ემოციურად მძიმე იყო იქ მოგზაურობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად გვაქვს შანსი იმისა, რომ ერთმანეთი დავინახოთ?

- ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, აფხაზმა გააცნობიეროს, რომ რუსეთი აფხაზეთს არ მისცემს განვითარების საშუალებას, გააცნობიეროს და დაინახოს, რა არის მისთვის უმჯობესი. რაც მე იქ ვნახე, სწორედ ამას მოწმობს. აფხაზეთში გაკეთებულია მხოლოდ ცენტრალური ტრასა, სოხუმში რამდენიმე ფასადი და სანაპიროს გარკვეული ნაწილი. დანარჩენ აფხაზეთში არაფერი კეთდება. ყველაფერი უსიცოცხლოა, არ არის დინამიკა, ჩამკვდარია და თითქოს ცოტა მაინც მოძრაობა ტურისტებს შემოაქვთ. ჩვენს დაახლოებას ხელს უშლის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სტაბილური მდგომარეობა და აფხაზები ამას ხედავენ. ამ ფილმსა და ჩემს ნაწარმოებებში სწორედ ქართველი და აფხაზი ადამიანების ურთიერთობა მაქვს ჩადებული. თავად აფხაზების უმეტესი ნაწილის განწყობა რადიკალურია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, რადგან როგორც თავის დროზე ქართული ფრესკები წაშალეს ტაძრებიდან, ისე ახალგაზრდა თაობას საქართველო უარყოფითად დაანახეს. შედეგად ახალგაზრდებს აქვთ საქართველოს მიმართ პროტესტის გრძნობა და ეს ძალიან უშლის ხელს ჩვენს ურთიერთობას.

გზა ერთმანეთისკენ

 - როგორც ვთქვი, აფხაზების უმეტესობის განწყობა რადიკალურია. მაგალითად, აფხაზეთში პირველი ჩასვლისას გავიცანი აფხაზი, დედა სვანი ჰყავს. ერთი ღამე სოხუმში დავრჩი, სადაც ამ ადამიანის ოჯახმა მიმასპინძლა. სუფრასთან გვქონდა კამათი აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე, რაც რადიკალური იყო. ის ამბობდა, რომ აფხაზებს უნდათ ცალკე ყოფნა. ყველაზე გამაღიზიანებელი იყო ის, რომ არ გამოხატავდა არანაირ პროტესტს რუსეთის მიმართ და რუსი ძალოვანების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ აფხაზეთს.

იდეას, რომ ერთმანეთისკენ გზები უნდა მოიძებნოს, რომ აფხაზეთი საქართველოა, მისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელი იყო. ჩვენ ორივე ჩვენს აზრზე დავრჩით. მან მხოლოს ის თქვა, რომ სურვილი აქვს, არ იყოს საზღვრები, რომ ადამიანებმა თავისუფლად იმოძრაონ.

- ქართული საზგადოების განწყობაზე რას ფიქრობთ? რამდენად ვართ ჩვენ მზად ამ ურთიერთობისთვის?

- ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ლოიალური დამოკიდებულებაა. როგორც ვიცი, ჩვენს ტერიტორიაზე არცერთ აფხაზს ომის შემდეგ არაფერი დაშავებია. ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, იქიდან ბავშვები ჩამოგვყავს, ჩვენი სახელმწიფო მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის მკურნალობას. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ არ ვართ განწობილი რადიკალურად და არც ნეგატიური ნაბიჯები იდგმება. ზოგჯერ ქართულ საზოგადოებაში მათ მიმართ არის პროტესტის გრძნობა, რაც შესაძლოა, ბუნებრივი იყოს იმის გამო, რომ  თითქოს აფხაზი ფიქრობს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, მოვემსახუროთ და ასე შემდეგ. ჩვენი მხრიდან ბრაზის მიზეზი შეიძლება, ისიც იყოს, რომ ჩვენ მათკენ ვართ და ისინი მაინც დათვისკენ იყურებიან. ამიტომ ჩემი აზრით, აფხაზებს მეტი დაფიქრება და რეალობის, მომავლის გაანალიზება მართებთ. რაღაც პროტესტის გრძნობა უნდა გაუჩნდეთ იმ ძალის მიმართ, რომელიც დღეს აფხაზეთს აკონტროლებს. მათ თუნდაც, ბათუმის მაგალითით შეუძლიათ, იმსჯელონ, რომელიც ვითარდება და ბიუჯეტშიც შეაქვს შემოსავალი. აფხაზეთს გაცილებით მეტი რესურსი აქვს, რომლის გამოყენების შედეგადაც განვითარების, ეკომიკური მდგომარეობის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების, გაცილებით მეტი ტურისტის შესვლის დიდი შანსი არსებობს. არ უნდათ ეს ყველაფერი? თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. მათ ეს უნდა დაინახონ. აფხაზებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აღარ გვინდა და აღარ ვაპირებთ ომს და ბრძოლას. პირიქით, ჩვენ ძმური დამოკიდებულება გვინდა, ჩვენ ერთმანეთის ნაწილი ვართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.