weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ტყიბულში პირველი პრობლემა გადაწყვეტილია - მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ – თურნავა

11:11 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულელმა მეშახტეებმა, რომლებიც გასულ კვირაში საპროტესტო აქციას მართავდნენ, კუთვნილი ხელფასი მიიღეს.

„ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა - მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა“, – განაცხადა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

თურნავას თქმით, ის კომუნიკაციაშია როგორც მეშახტეებთან, ისე ინვესტორ კომპანიასთან. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული. დიდი იმედი მაქვს და ამას კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გასულ კვირაში, ტყიბულში, დაახლოებით 30 მეშახტე რამდენიმე დღე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში იყო ჩასული და უარს ამბობდა ამოსვლაზე. ისინი ითხოვდნენ კუთვნილი ხელფასის მიღებას, ასევე განმარტებას, როდის განახლდება შახტებში ნახშირმოპოვების პროცესი.

2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, როდესაც მინდელის სახელობის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. როგორ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტებში მუშაობა არ განახლდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც შახტები დახურული იქნებოდა, დასაქმებულები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებდნენ.

ტყიბულის შახტებში ნახშირის მოპოვებას კომპანია „საქნახშირი“ აწარმოებს, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შვილობილი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]