weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

თადუმაძის უმაღლეს იურიდიულ განათლებაზე სერიოზული კითხვები არსებობს – სახალხო დამცველი

13:28 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019 hits 155
ფოტოზე შალვა თადუმაძე ფოტოზე შალვა თადუმაძე

საქართველოს სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების უმაღლეს იურიდიულ განათლებასაც ეხება.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 50 კანდიდატისგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სერიოზულ კითხვები არსებობს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე.

„შალვა თადუმაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლით. აღნიშნული დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს და 1998 წელს დაამთავრა ის. მას მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

შალვა თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულია, რომ ის აღნიშნულ სასწავლებელში სწავლობდა 1994 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის ივნისამდე და იქვე მითითებული აქვს, რომ სწავლის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 წელს. თუმცა, 1994 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის ივნისამდე პერიოდი 4 წელს მოიცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ „1999 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“.

სახალხო დამცველის აპარატის წერილის პასუხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, „საქართველოს განათლების სამინისტრომ 1994 წლის 25 აგვისტოს შპს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტზე (შემდგომში ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი) გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის #01-17-08/839 ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში, დაწესებულებას უფლება მიეცა განეხორციელებინა რიგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, სამართალმცოდნეობის პროგრამა.

ამასთან, საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა. აღნიშული სასწავლო სამუშაო გეგმა დამტკიცებულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის რექტორის მიერ და მოიცავს 4 (ოთხ) კურსს. ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, შპს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას“.

თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე.

კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოსსასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს.

ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს კითხვებს, შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის თაობაზე, რომელიც მოსამართლედ განმწესების წინაპირობად მიიჩნევს უმაღლეს იურიდიულ განათლებას მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით.

აღნიშნული გარემოებები უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სანამ აღნიშნული ორგანო მიიღებდა გადაწყვეტილებას შალვა თადუმაძის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებს და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი. როგორც ის აცხადებს, მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

თადუმაძე 2011-2012 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]