weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გამგეობის მაღალჩინოსნის ძმას იჯარით გადაცემული ტბები საძოვრებად გაუფორმეს

15:31 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

დმანისის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის - თეიმურაზ თეთრაძის ძმას მიხეილ თეთრაძეს, პირდაპირი განკარგვის წესით, 10-წლიანი იჯარით გადაეცა 183 670 კვ.მ საძოვარი, სადაც სინამდვილეში ტბები იყო განთავსებული და კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ტბები შემოღობილია გამგეობის კუთვნილი მილებით, რომელთა საბაზრო ღირებულება 47 900 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების მასალები გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, არაერთი კანონდარღვევა გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვის სფეროში.

აუდიტის მასალებში მითითებულია, რომ 2016 წლის 26 აპრილს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დმანისის გამგეობამ სოფელ გომარეთში მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 183 670 კვ.მ, როგორც საძოვარი, პირდაპირი განკარგვის წესით, 10-წლიანი იჯარით გადასცა მიხეილ თეთრაძეს, რომელიც იმავე გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის - თეიმურაზ თეთრაძის ძმაა.

მოიჯარესთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს საძოვარს, რის გამოც წლიური საიჯარო ქირის ოდენობა საძოვრისათვის დადგენილი მინიმალური ფასით - 1 ჰექტარზე 7 ლარით განისაზღვრა. როგორც აუდიტის ჯგუფის მიერ ადგილის დათვალიერებით გაირკვა, სინამდვილეში ორივე მიწის ნაკვეთი არის ტბებ, რომლებსაც მოიჯარე კომერციული მიზნებისთვის იყენებს. სავარაუდოდ, მიწის კატეგორიის არასწორად მითითება მიზნად ისახავდა ქირის ოდენობის ხელოვნურად შემცირებას.

ამასთანავე, მიხეილ თეთრაძის სარგებლობაში არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილია გამგეობის ბალანსზე რიცხული ლითონის მილებით, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 47 900 ლარს.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015-2016 წლებში დმანისის მუნიციპალიტეტმა სულ განახორციელა 69 ერთეული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ფორმით განკარგვა, რომელთა საერთო ფართობია 71 851 ექტარი. მათ შორის, 25 შემთხვევაში მიწები გაიჯარებულია აუქციონის ფორმით, ხოლო 44 შემთხვევაში - პირდაპირი განკარგვის წესით.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ელექტრონული აუქციონის ფორმის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, რომ ვაჭრობა წარიმართოს და ფასი დაფიქსირდეს საჯაროდ, იზრდება აუქციონში მონაწილეთა რაოდენობა, აუქციონში გამარჯვებულად კი ცხადდება ის მონაწილე, რომელიც მესაკუთრეს ყველაზე მაღალ ფასს შეთავაზებს. 2015-2016 წლებში დმანისის გამგეობის მიერ აუქციონით გაცემული მიწების ჯამური საწყისი ფასი იყო 37 000 ლარი, ხოლო ვაჭრობის შედეგად საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 119 500 ლარი, ანუ თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ გაიჯარებული ობიექტების 63% გაცემულ იქნა პირდაპირი განკარგვის წესით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ქირის წლიური საფასური გამგეობამ უნდა განსაზღვროს საკრებულოსთან შეთანხმებით. თუმცა, დმანისის გამგეობის მიერ ქონების პირდაპირი წესით განკარგვის 44 შემთხვევიდან, ქირის ოდენობა საკრებულოსთან შეთანხმებული იყო მხოლოდ 2 მიწის ნაკვეთზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]