weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში „სვეტიცხოვლობა“ აღინიშნება

10:11 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „სვეტიცხოვლობას“ აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

„სვეტიცხოვლობასთან“ დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება. 21:00 საათზე დაგეგმილია გალაკონცერტი ნიკოლოზ რაჭველის, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის, ეკა მამალაძის, ნატალია ქუთათელაძის, მარიამ როინიშვილის, გორის ქალთა კაპელის, ნინო ქათამაძის, აჩიკო ნიჟარაძის, ნუკრი კაპანაძისა და სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით.

დღესასწაულის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ მცხეთის მიმართულებით მატარებლის უფასო რეისები დანიშნა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მეოთხე საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

შრომის კოდექსით 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]