weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

26-27 ოქტომბერს ალვანში გიორგი ანწუხელიძის სახელობის კვირეული გაიმართება

16:04 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, 26-27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი აბწუხელიძის სახელობის კვირეული გაიმართება.

26 ოქტომბერს კვირეულს ქვემო ალვანის სპორტულ მოედანზე ანსამბლი „კესელო“ გახსნის. გაიმართება ტურნირები ფეხბურთსა და კიკბოქსინგში. 12:00-დან 13:00 საათამდე პერიოდში შესრულდება თუშური ტრადიციული დატირება, ე.წ. „დალაობა“. მსვლელობა დაიწყება ქვემო ალვანის ცენტრიდან და დასრულდება კვირაცხოვლის ეკლესიაში.

14:00 საათზე, ალაზნის პირას არსებულ სადოღე ტრასაზე გაიმართება დოღი.

27 ოქტომბერს დაგეგმილია მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, ფეხბურთის ტურნირის ფინალური თამაშები, რაგბის საჩვენებელი ვარჯიში. ტურნირების გამარჯვებულებს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილები დააჯილდოვებენ.

კვირეულის ორგანიზატორი თუშეთის განვითარების ფონდია.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს - 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა.

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა, წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სამი თვის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ იგი ასევე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.  2013 წელს,  „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა.  სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]