weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დაგროვებითი პენსიის სავალდებულოობის კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს

11:59 ორშაბათი, 04 ნოემბერი 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულოდ ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულების კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადავო ნორმათა მოქმედებით დამსაქმებლის საკუთრების უფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ მათ მიერ გაღებული, დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი. რაც, ნორმთა შეჩერების საფუძველია, თუმცა სასამართლომ მისი გადაწყვეტილება საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით გაამართლა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელთა მხრიდან საპენსიო ფონდში შენატანის განხორციელების შეჩერება და ფონდის შენატანების შემცირება, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს.

მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, არ დაეთანხმა კოლეგიის შემადგენლობას და მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამსაქმებლების შემთხვევაში  სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა.

მოსამართლის მოსაზრებით, დამსაქმებელთა ვალდებულების დამდგენი ნორმის შეჩერების შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას არსებითი საფრთხე არ შეექმნებოდა, რადგან საპენსიო სააგენტოს ფინანსები პირველი 3 წლის განმავლობაში, დამოკიდებულია არა შენატანებზე, არამედ 100%-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამასთნ, ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ დამსაქმებელთა საკუთრების უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის თავიდან აცილების ინტერესს ვერ გადაწონის დასაქმებულებისა და საპენსიო სქემის ფუნქციონირების ინტერესების დაცვის საჭიროება და არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების ყველა წინაპირობა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვარს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]