weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ახალქალაქის სოფელ ხულგუმოსთან სალოცავი მეორედ დაარბიეს

23:09 სამშაბათი, 05 ნოემბერი 2019
სალოცავი, რომელიც დაარბიეს სალოცავი, რომელიც დაარბიეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის სალოცავი მეორედ დაარბიეს. უცნობმა პირებმა სალოცავში ხატები და საეკლესიო ნივთები დააზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნას გულისხმობს.

ამავე სამლოცველოში არსებული საეკლესიო ნივთები რამდენიმე თვით ადრეც დააზიანეს. გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა რაიმე შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის ისტორიული სალოცავით ადგილობრივი სომეხი კათოლიკეების გარდა, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც სარგებლობენ. სალოცავი არცერთ კონკრეტულ ეკლესიას არ ეკუთვნის და იქ არც ორგანიზებული წირვა-ლოცვია ხორციელდება.

შეგახსენებთ, 2018 წელს, სოფელ ვალეში კათოლიკურ მცირე სალოცავში (ნიშაში) წიგნები და ხატები დაწვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზეც დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ.

დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და სავარაუდო ბრალდებული პირები გამოავლინოს.

ამასთან, შეისწავლოს ხულგუმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო რელიგიური დაძაბულობის ნიშნები და მისი გავლენა მომხდარ ინციდენტებზე; დაძაბულობის რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში კი მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ზომები მსგავსი შეუწყნარებლობის ინციდენტების აღკვეთისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის.

მე–13 საუკუნეში აგებულ სალოცავს, 2018 წლის მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]