weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სამტრედიაში 24 წლის ბიჭი ისე დაკრძალეს, რომ ეკლესიამ წესი მაინც არ აუგო

16:55 სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019

სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე ისე დაკრძალეს, რომ ოჯახის წევრების არაერთი თხოვნის მიუხედავად, მას მართლმადიდებლური წესი არცერთმა მღვდელმა არ აუგო. წესის აგებაზე უარის თქმის მიზეზად ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ თქვა, რომ გარდაცვლილი „გირჩის ეკლესიის მღვდელმსახური“ იყო.

შაკოს „გირჩის ეკლესიის - ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა იმ მიზნით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან გათავისუფლებულიყო. ამ მოწმობებით 2017 წლიდან დღემდე სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი 25 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დააღწია. „გირჩის ეკლესიის“ ე.წ. მღვდელმსახურები რაიმე რელიგიურ მსახურებას არ ახორციელებენ.

მეუფე საბა განმარტავს, რომ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებში გაწევრიანება ეკლესიის სივრციდან გასვლას ნიშნავს: „თუ ადამიანი ეკლესიის სივრციდან გასულია, მისთვის ეკლესია ვერანაირ მსახურებას ვერ ასრულებს. რადგან დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ამ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული და მას ჰქონდა საბუთი, ამან შემიზღუდა შესაძლებლობა მისთვის წესი ამეგო“.

მისივე თქმით, მან გარდაცვლილის ოჯახს სიტუაცია აუხსნა და დაპირდა, რომ ამ საკითხს სინოდის წინაშე დააყენებს.

„წესის აგება დასაფლავების დღესაც, მეორმოცე დღეს და წლისთავზეც შეიძლება. რა ინტერესი უნდა მქონდეს, რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა „გირჩის“ ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს, ეკლესიას ვინ ჰკითხავსო.

თუ ეკლესიას ვინ კითხავს, რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატომ იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატომ გვეუბნებიან თქვენ აუგეთ ახლა წესიო“ - განაცხადა მეუფე საბამ.

„გირჩის“ განცხადების საპასუხოდ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს შაკო ბარამიძის მშობლებისა და ოჯახის წევრთა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაკრძალვის თარიღი გადაიდო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდნენ სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისთვის წესის აგებაზე.

„ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. პირველი, გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ თემას გამოეხმაურა დეკანოზი თამაზ ლომიძეც: „თუ ბიბლიური თავისუფლების წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ ახალგაზრდები, ამასთან თუ მასში გაწევრიანებისას მათ ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად.

მართლმადიდებელიც შეიძლება რაიმე ორგანიზაციის წევრი იყოს სადაც რელიგიური სათაურია გამოყენებული, თუმცა ეს არ იყოს სარწმუნოება და ეკლესია. ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]