weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უკრაინაში ინტერპოლის მიერ ძებნილი ISIS მებრძოლი ცეზარ ტოხოსაშვილი დააკავეს

22:56 პარასკევი, 15 ნოემბერი 2019
ფოტო ©️ Joanna Paraszczuk ფოტო ©️ Joanna Paraszczuk

ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, მეტსახელად ალ ბარა შიშანი დააკავეს. ტოხოსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველო ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.

როგორც „რეგინფოს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან.

2019 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცეზარ ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდანაა (პანკისის ხეობა). სირიაში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის აგვისტოში გავრცელდა. სოფელ ომალოში დედამისის სახლში ორი დღის განმავლობაში სამძიმარსაც კი იღებდნენ. ნათესავებმა მაშინ პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ცეზარ ტოხოსაშვილი დაბომბვაში მოჰყვა და ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახმა ცეზარ ტოხოსაშვილისგან WhatsApp–ით შეტყობინება მიიღო, რომ ცოცხლები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]