weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საია შს მინისტრისა და მისი მოადგილის თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს

20:23 ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს ეკისრებათ.

„როდესაც სისტემის შიგნით ხდება ასეთი დანაშაული, იქ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სისტემის ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრმა“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, უნდა დადგეს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან საგანგებო პრესკონფერენციაზე უარყოფდა ლუკა სირაძის განცალკევებით გამოკითხვისა და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს.

თვითმკვლელობის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საია მიიჩნევს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძეზე ზეწოლას პოლიციის სულ მცირე კიდევ სამი თანამშრომელი ახორციელებდა.

ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში, სადაც ის 6 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მის გადასარჩენად ექიმები ისრაელიდანაც მოიწვიეს, მაგრამ ბავშვს გული გაუჩერდა.

მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადასტურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]