weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება ჩიპის გარეშე შეეძლებათ

11:44 პარასკევი, 27 დეკემბერი 2019

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 26 დეკემბრიდან შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ თავისი რელიგიური შეხედულებების გამო პირადობის მოწმობის გაცემა ე.წ. „ჩიპის“ გარეშე მოითხოვონ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა მიმართეს. ისინი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას.

მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1404 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასთან და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, პირები, რომლებიც რელიგიური შეხედულებების გამო უარს ამბობენ პირადობის მოწმობის მიღებაზე, ვერ მონაწილეობენ ან შეფერხებით მონაწილეობენ არაერთ სამართლებრივ ურთიერთობაში. მაგალითად, ასეთ პირებს შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამედიცინო მომსახურების მიღების, დასაქმების, განათლების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის, რიგი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გარიგების დადების, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ა.შ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედება იწვევს მოსარჩელეთა მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხეს და არ დასაბუთებულა, რომ ნორმების მოქმედების შეჩერება გამოიწვევდა ამ საფრთხის საპირწონე კერძო ან საჯარო ინტერესების შეზღუდვას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]