weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივიზაციისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

10:02 შაბათი, 25 იანვარი 2020

„არ შეიძლება ადამიანები იმ მცენარის მოყვანისთვის, რომლის მოხმარებაც ამ ქვეყანაში უკვე ლეგალურია, ციხეში მიდიოდნენ“, - აცხადებს პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და კანაფის კულტივიზაციისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

„ჭიათურიდან, სოფელ ფარცხიდან ავთანდილ მეტრეველს კანაფის მოყვანისთვის 6 წლით ციხე ემუქრება. მოსამართლე არის ზურა ბალავაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ ჩემს თვალწინ ადამიანი 6 წლით გაუშვა ციხეში. რამდენიმე ძირი კანაფის მოყვანისთვის, ეს სასჯელი არის სრული სიგიჟე, ჯოჯოხეთი, რომელშიც ვცხოვრობთ. ადამიანებს უშვებენ ციხეში, რომლის მოხმარება არის ლეგალური, ეს დაახლოებით იგივეა, მოიყვანო კიტრი და ამისთვის გაგიშვან ციხეში“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

„გირჩის“ ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს ასაჩივრებს. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, პირად სივრცეში მარიხუანის მოხმარება ფაქტობრივად ლეგალიზებული გახდა, თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკების მოხმარება მაინც დასჯადი ქმედებაა როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 70 გრამამდე მარიხუანის მოხმარების გზით შეძენა-შენახვისთვის გააუქმა სისხლისსამართლებრივი სანქცია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა (საქმე - ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის/კანაფის მოხმარებისთვის, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობა ცნო არაკონსტიტუციურად (გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციული სანქცია ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარებისთვის (ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ); ამ გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში ლეგალიზებული გახდა, თუმცა, საჯარო სივრცეში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში და/ან მათი თანდასწრებით მარიხუანის მოხმარების შემთხვევა, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო, სახელმწიფო დაწესებულებებში კვლავ დასჯადია.

მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 45 პრიმა პირველი მუხლი დაემატა. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

კანაფის ან მარიხუანის მოხმარება აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა და ამ ქმედების ჩადენისთვის დადგენილია ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე.

კანაფის ან მარიხუანის  მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე ოდენობით.

კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 200 ლარამდე ოდენობით.

კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით (მათ შორის, პირად სივრცეში) ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის ან/და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და გასაღებისთვის სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა პირველი მუხლი აწესებს. ვინც ადმინისტრაციული წესით ერთხელ უკვე გასამართლებულია და მეორედ დააკავებენ ამ დანაშაულისთვის, ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასჯიან. კანაფის ან მარიხუანის დიდი ოდენობით, არაერთგზის ან წინასწარი შეთანხმებით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა თავისუფლების აღკვეთით ისჯება, სასჯელი ხუთიდან ათ წლამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]