weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

ოკუპირებულ ახალგორში შესასვლელი ე.წ. „რაზდახანის“ საგუშაგო ისევ ჩაკეტეს

13:23 შაბათი, 08 თებერვალი 2020 hits 6134

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან  ახალგორის რაიონში შესასვლელი ე.წ. „რაზდახანის“ გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ინფორმაციისა და პრესის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მარია კოტაევას განცხადებით, ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ 2 თებერვალს უნდა დახურულიყო, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 6 თებერვალს დაეკეტათ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „რაზდახანის“ საგუშაგო ორი თვის შემდეგ გაიხსნება.

კოტაევა არ ადასტურებს ინფორმაციას ახალგორში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ. „რაიონის მცხოვრებლებს, რომლებიც საქართველოში ნათესავებთან მიემგზავრებოდნენ, თან მიჰქონდათ დიდი ჩანთები და საკუთარი ნაკვეთებიდან ხილ-ბოსტნეულით სავსე ტომრები“,- აღნიშნა კოტაევამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია.

„ჩვენ არც საერთაშორისო თუ სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით იმისათვის, რომ ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა, არამხოლოდ ქართველების, რომელთაც რათქმაუნდა ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში.

80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, რადგან იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა, განსაკუთრებით სწორედ ახალგაზრდებს ეხებათ ეს“.

2019 წლის 4 სექტემბრიდან, თითქმის 5 თვის განმავლობაში, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილი იყო. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში ადამიანები იმის გამო დაიღუპნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ერთ-ერთი პაციენტის დასახმარებლად ახალგორის რაიონში გადასული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა და თითქმის ორი თვის განმავლობაში დაპატიმრებული ჰყავდათ.

ე.წ. „რაზდახანის“ საგუშაგო 24 იანვარს 10 დღით გახსნეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, ათდღიანი ვადა მისცეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კუთვნილი პენსია მიეღოთ და სამედიცინო სერვისებით ესარგებლათ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გახსნის სანაცვლოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გასულ წელს გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღებას ითხოვს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]