weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

13:23 ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით.
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ.
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირეცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმის, სადილისა და სამხარის შემდეგ.
  • მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები).
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით.
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა.
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია.
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები. სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ.
  • სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა. „ლუგარის“ ლაბორატორიის ანალიზით დადასტურდა, რომ კორონავირუსი აქვს საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 თებერვალს შემოდიოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]