weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საგარეჯოს სოფლებში მოსახლეობას ფეკალიებით დაბინძურებული წყალი მიეწოდება

14:41 ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ნინოწმინდაში, გიორგიწმინდაში, პატარძეულსა და თოხლიაურში მოსახლეობას ფეკალიებითა და ეკოლის ბაქტერიებით დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. საგანგაშო მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

დასკვნის მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ პატარძეულშია. სასმელ წყალში ეკოლის ბაქტერიები და მითუფრო ფეკალიები საერთოდ არ უნდა იყოს, პატარძეულის წყალში კი მათი რაოდენობა საგანგაშოდ მაღალია.

დასკვნების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა რეკომენდაციით მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, რომ უმოკლეს ვადებში მომხდარიყო რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექცია და სასმელი წყლის ქლორით დაუსნებოვანება. ამასთან, მერია ვალდებული იყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე, მოსახლეობა გაეფრთხილებინა, რომ სასმელად მხოლოდ გადადუღებული წყალი მიეღოთ, თუმცა არა ხანგრძლივი პერიოდით.

მერიიდან მოსახლეობას არავინ შეხვედრია და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ სასმელი წყლის გადაუდუღებელ მდგომარეობაში მიღება ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. ჩვენ შევხვდით მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს. მათ არ ჰქონდათ პასუხი კითხვაზე, რატომ არ შესრულდა სურსათის სააგენტოს რეკომენდაცია, ეცნობებინათ მოსახლეობისთვის ანალიზის შედეგები და გაეფრთხილებინათ ისინი.

სოფლის რწმუნებულებმა გვითხრეს, რომ მათ იცოდნენ თავის სოფლებში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ და ამის გამო ოჯახში არც იყენებდნენ სასმელად

თუმცა არ ჰქონდათ ინფორმაცია სოფელში რამდენი ოჯახი ახერხებდა სასმელი წყლის მუდმივად ყიდვას“, - უთხრა „რეგინფოს“ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნინო ტლაშაძემ.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ბევრი ოჯახი ყოველდღიურად სასმელ წყალს ვერ ყიდულობს და სვამენ იმას, რაც ონკანში მოდის.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ 26 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, რომ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის მონაცემებით, დასახელებულ სოფლებში საგანგაშო და აღმაშფოთებელი შედეგები არ არის.

ჩვენ ვკითხეთ საგარეჯოს მერს გიორგი ერბოწონაშვილს, რას ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ აღნიშნულ სოფლებში სასმელი წყალი უსაფრთხოა. „ჩვენ გვაქვს მერიის აიპი - წყლის ლაბორატორია. მათ შეამოწმეს და გვითხრეს, რომ წყალი საშიში არ არის“.

საყურადღებოა, რომ მერიასთან არსებული ლაბორატორია სოფლებში წყლის ხარისხს მანამდეც ამოწმებდა. ის აკრედიტებული არ არის. საგარეჯოს მერიას არ გააჩნია აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა ბოლო სამ თვეში, ნინოწმინდაში, გიორგიწმინდაში, პატარძეულსა და თოხლიაურში სასმელი წყალი უსაფრთხო გახდა თუ არა.

ნათაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიამ სასმელი წყალი სოფელ ლამბალოშიც შეამოწმა. კვლევის შედეგად დაბინძურება არ გამოვლინდა, თუმცა ლამბალოში წყლის სინჯი მხოლოდ სოფლის სკოლაშია აღებული.

საგარეჯოს სოფლებში წყლის ხარისხის შემოწმება და უსაფრთხო სასმელი წყალი თავდაპირველად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგის მონაწილეებმა მოითხოვეს. ისინი საგარეჯოში ცხოვრობენ.

საგარეჯოს მერიის ინფორმაციით, 2020 წელს ხუთივე სოფელშია დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოები წყლის სისტემის სათავე ნაგებობების მოსაწყობად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]