weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყო

15:46 ოთხშაბათი, 18 მარტი 2020 hits 1079

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყო, რომლის პირველი პარტიაც მზად 19 მარტს იქნება. პირბადეები პირველ ეტაპზე იმ ადამიანებზე განაწილდება, ვინც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის კატეგორიაში შედის.

„ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოში ადგილობრივი პირბადეების კერვის პროგრამა და ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის „აჭარა ტექსტილი“.

ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში და ასევე, რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული. ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები ვაწარმოოთ.

პირბადეების პირველი პარტია იქნება შეძენილი თვითონ სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება მაღალი რისკის კატეგორიასთან. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს თავისი გამოყენების ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას ვინც ამ პროგრამაში ერთვება იმიტომ, რომ ბევრი კომპანიაა, რომელიც უანგაროდ მონაწილეობს კერვაში. მაგალითად, „აჭარა ტექსტილი“ . მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ. ასევე კომპანიები, ვინც გვაწვდის ნედლეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ მოწოდებული და სწორედ ეს არის იმ კონსოლიდაციის და ერთსულოვნების გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს“, - განაცხადა თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში პირბადეების დეფიციტია. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხელისუფლება უახლოეს დღეებში კორონავირუსის გავრცელების ზრდას ვარაუდობს, რის გამოც მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და სახლებში დარჩნენ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა, დახურულია სამთო სათხილამურო კურორტები, ჩაკეტილია საზღვრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]