weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარნეულის და ბოლნისის რაიონები დაიხურა

00:36 ორშაბათი, 23 მარტი 2020

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ორივე მუნიციპალიტეტში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი აფთიაქების, სურსათის მაღაზიებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იკრძალება გადაადგილება იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილობრივებს საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ. საგანგებო წესრიგს პოლიცია დაიცავს. მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაიწყებს მუშაობას. ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, ორივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს. 

კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ კლინიკაში იყო მოთავსებული. 

მისი ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ და ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის შემთხვევები. სამწუხაროა, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. სიტუაცია საკმაოდ რთულია.

კლინიკა დღეის მდგომარეობით სრულად კარანტინის რეჟიმზეა გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიას განცხადებით, 23 მარტს, დილიდან ჯანდაცვის სამსახურების სპეციალისტები ორივე მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს დაიწყებენ, მაღალი ტემპერატურის მქონე, რისკის ქვეშ მყოფი პირების გამოსავლენად, ინფიცირების შესაძლო შემთხვევების სწრაფად იდენტიფიცირებისა და მკურნალობისთვის.

მკაცრი კარანტინის პირობებში ადგილობრივ, მარნეულსა და ბოლნისში განთავსებულ მედიას მუშაობა არ ეზღუდება, სხვა მედიასაშუალებები კი მასალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეცჯგუფებისგან მიიღებენ. 

მარნეულში 62 წლის ქალს, რომელიც ორმხრივი პნევმონიით ჯეოჰოსპიტალსის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში ოთხი დღის წინ მოათავსეს, კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მისი ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაზე ამ დროისთვის 86 კონტაქტია დადგენილი. მისივე ინფორმაციით, კონტაქტები უფრო მეტია. ინფიცირებული ქალი მარნეულში სარიტუალო ღონისძიებასაც ესწრებოდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევაა, მათ შორის ბოლო ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია - 8 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 3254, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233 პაციენტი.

 

მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]