weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აფხაზეთიდან პაციენტებს რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მოემსახურება

21:47 შაბათი, 28 მარტი 2020

„ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ის ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც საკარანტინე ზონა სჭირდება, საკარანტინე ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს რუხის კლინიკის სამედიცინო აღჭურვის პროცესს საქართველოს გაეცნო.

კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურითა და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება.

„ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ  სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინე ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი.

მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს - სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე.

ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით“, - აღნიშნა გახარიამ.

სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]