weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები - მთავრობის განმარტება

15:11 ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020

კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის ფარგლებში, დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი 671 000 აბონენტს დაუფინანსდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით თითოეულ აბონენტს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება გადასახადები. დაფინანსება მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.

კითხვაზე - თუ ოჯახს ერთ თვეში 200 კვტ-ზე მეტი ელექტროენერგია აქვს მოხმარებული, მაგრამ ბუნებრივი აირი არ აჭარბებს 200 მ3-ს, მიიღებს თუ არა აბონენტი შეღავათს, „რეგინფოს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში დაფინანსდება მხოლოდ ბუნებრივი აირის გადასახადი, ელექტროენერგიის ღირებულების სრულად გადახდა კი აბონენტს თვითონ მოუწევს.

მთავრობის გადაწყვეტილება სს „თელასის“ შემთხვევაში (თბილისი) შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი მაქსიმუმ 37.11 ლარია; ხოლო, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში (რეგიონები) - მაქსიმუმ 36.4 ლარი.

მთავრობის გადაწყვეტილება შპს „თბილისი ენერჯის“ შემთხვევაში (თბილისი) შეეხება აბონენტებს, რომელთა გადასახადი შეადგენს მაქსიმუმ 92.2 ლარს, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაში (რეგიონები) - მაქსიმუმ 113.8 ლარს, ხოლო სს „საქორგგაზის“ შემთხვევაში - 113.9 ლარს.

აღნიშნული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. ის არ ვრცელდება საოჯახო სასტუმროებზე. ასევე, არ ვრცელდება ძველ დავალიანებებზე.

მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-მდე ელექტროენერგია და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზი და წინასწარ გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით განთავსდება მათ სააბონენტო ბარათზე და შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას.

იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებსაც კომუნალური მხარდაჭერის გამოყენება არ სურთ იმ მოტივით, რომ მათ აქვთ გადახდის შესაძლებლობა და სურთ, რომ გამოთავისუფლებული თანხები მიმართული იყოს სხვა საჭირო და აუცილებელი პროგრამებისკენ, მიმდინარეობს მუშაობა პლატფორმაზე, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქის მიერ კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება. უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ პირებს დეტალურად ეცნობებათ ამ საკითხის შესახებ.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან - 2 მილიარდი ლარიდან შეძლო მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე შეეთავაზებინა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც მთავრობა ეტაპობრივად განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]