weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

13:07 ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020

ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა ბანკის 7 თანამშრომელს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ფულთან ჰქონდათ შეხება. ეროვნულ ბანკში არ განმარტავენ, ინფიცირებული პირები რა პოზიციებზე მუშაობდნენ.

ბანკის ინფორმაციით, ამჟამად ისინი სტაციონარში იმყოფებიან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გადიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა ყველა შესაძლო კონტაქტის დასადგენად.

„ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები ერთი კვირის წინ დაუფიქსირდა. სიმპტომების გამოვლენისთანავე ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდათ ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი, შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ,

16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც აკრძალვები დაწესდა. 2 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5 550 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]