weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში დღეიდან გაიყიდება

15:26 ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020

საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში დღეიდან გაიყიდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. პირბადეები პირველ რიგში მარნეულის, ბოლნისისა და ვანის რაიონების აფთიაქებს მიეწოდება, სადაც ეპიდსიტუაციის გამო სპეციალური კონტროლის რეჟიმია. თითო მომხმარებელზე მაქსიმუმ სამი ცალი პირბადე გაიცემა.

მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 400 ათასი პირბადე მიეწოდება და დაახლოებით ორ დღეში საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდება. საუბარია - „ავერსის“, „ჯიპისის“, „პსპ“-სა და „ფარმადეპოს“ ქსელებზე. მინისტრის განმარტებით, მოქალაქეები ქართული წარმოების პირბადის შეძენას აღნიშნულ აფთიაქებში ყველაზე გვიან, შაბათს შეძლებენ.

ნათია თურნავას განცხადებით, პირბადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები უსასყიდლოდ კერავენ პირბადეებს, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა ერთ ლარზე მეტი უჯდება.

„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ქართული წარმოების პირბადე,

გადაწყდა, რომ აფთიაქებში პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება. ეს არის ფასი, რომლის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს და პრაქტიკულად, თვითღირებულების ნახევარ ფასად - 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კონკრეტული აფთიაქები გვეთანამშრომლებიან და მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ამ პროექტს სოციალურ პროექტად განიხილავენ და ამ ფასს საკუთარ მოგებას არ დაამატებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ნაწარმოები პირბადე მრავალჯერადი გამოყენებისაა და დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თითო პირბადე იმყოფინოს. ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქცია მოჰყვება.

მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, პარალელურად, აფთიაქებში გაიყიდება სხვა პირბადეებიც, მათ შორის იმპორტულიც.

ნათია თურნავას განცხადებით, ვინაიდან მარნეულის, ბოლნისისა და ვანის მუნიციპალიტეტებში განსხვავებული ეპიდსიტუაციაა, ყველაფერი გაკეთდება, რომ პირველ რიგში პირბადეები აფთიაქებს ამ რეგიონებში მიეწოდოთ.

„პირველ ეტაპზე როგორც ვთქვი, 400 ათასი პირბადე იქნება გამოყოფილი სააფთიაქო ქსელებისთვის ქვეყნის მასშტაბით. სააფთიაქო ქსელები, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ გარკვეულ ლიმიტზე - თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა, რაც სამართლიანია. როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

8 აპრილის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 პაციენტი, გარდაიცვალა 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]