weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ ლენტეხის რაიონიც ჩაიკეტა

19:32 პარასკევი, 10 აპრილი 2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხში ზუსტად ის რეჟიმი დაწესდება, რაც მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებს.

„დღეს ლენტეხის რაიონში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი დაფიქსირდა, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ რაიონში. ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი აფთიაქების, სურსათის მაღაზიებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იკრძალება გადაადგილება იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილობრივებს საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ. საგანგებო წესრიგს პოლიცია დაიცავს.

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევაა გამოვლენილი. პირველად კორონავირუსი 8 აპრილს, 53 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მას ინფექცია დისგან გადაედო, რომლის მეუღლეც ეროვნულ ბანკში მუშაობს. მამაკაკს კორონავირუსის დადასტურებამდე ათობით კონტაქტი ჰქონდა ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. ლენტეხში 5 ინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

8 აპრილის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაიცვალა 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]