weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სუს-ი საბოტაჟის მუხლით იძიებს მარნეულში ორგანიზებულ სოციალურ პროტესტს

20:49 ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020
ფოტოზე - შეიხი მირტაგი ასადოვი ფოტოზე - შეიხი მირტაგი ასადოვი

შეიხი მირტაგი ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. სუს-ის გამომძიებლის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.

მირტაგი ასადოვის სუსში გამოკითხვის პროცესი 16 აპრილს ვერ შედგა, რადგან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატისთვის მარნეულში საშვის დაშვებასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა. ასადოვის გამოკითხვა 17 აპრილს, 12 საათზე ჩატარდება.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხული ორი სხვა პირის განმარტებით, მათი გამოკითხვა მარნეულში ბოლო დღეებში ორგანიზებულ სოციალურ პროტესტს უკავშირდებოდა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა საღამოს 9 საათზე 5 წუთის განმავლობაში, ქუჩაში გამოუსვლელად, მანქანების სიგნალებით აპროტესტებს მუნიციპალიტეტში შექმნილ პრობლემებს. მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარების და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელი და სპეკულაციური ზრდის პრაქტიკას უკავშირდება.

მირტაგი ასადოვი განმარტავს, რომ ის შეუერთდა ამ სოციალურ პროტესტს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.

„მირტაგ ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია „მთავარში“ მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა „ჩვენ-სხვები“ სწორი არ არის.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: „მაშინ ჩვენს გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიმართ როგორ მოიქცევა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]