weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, 6 თვე 200 ლარიან დახმარებას მიიღებს

23:28 პარასკევი, 24 აპრილი 2020

საქართველოს მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა.

დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს.

ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“, - აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელმაც დაკარგა ფინანსური შემოსავალი, შეიძლება ეს ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე 1200 ლარი, თან 6 თვეში, მაგრამ სახელმწიფო ამბობს, რომ მე იმ მინიმუმით გეხმარები, რა შესაძლებლობაც ჩემს ეკონომიკას აქვს და გეხმარები იმ ვადაში, რა ვადაშიც ჩემი გათვლებით ჩვენ ეკონომიკური და სამუშაო ადგილების აღდგენა უნდა დაგვეწყოს.

„დღეს ქვეყანაში არ არსებობს არცერთი მზა რეცეპტი წარმატების გარანტიის მატარებელი ამ კრიზისიდან გამოსვლისა, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, ყველას აქვს თავისი სპეციფიკური სუბიექტური მდგომარეობა.

ვართ ექსტრემალურ მდგომარეობაში. ვამბობთ, რომ ვებრძვით ეპიდემიას და იმედი გვაქვს, რომ 6 თვეში შევძლებთ ეკონომიკის სრული აღდგენის ეტაპზე გადავიდეთ, რასაც ვუწოდებთ ეკონომიკური აღორძინების პროგრამას, რომელსაც ცალკე დაფინანსება დასჭირდება. იმ ეკონომიკური აღდგენის პროგრამისთვის ფინანსური რესურსი ცალკე გვექნება მოსაძიებელი.

ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, 6 თვის მერე რას ვშვებით, ამ ხნის შემდეგ ჩვენ მინიმუმ დაბრუნებულები უნდა ვიყოთ 2020 წლის დასაწყისის ნიშნულის ნახევარზე მაინც, სადღაც იქ უნდა ვიყოთ. ყველა იმ ნაბიჯში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ შეზღუდვების შემსუბუქებას, ან ეკონომიკის გახსნას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი: პირველი - ყველა გადაწყვეტილება ეტაპიდან ეტაპზე გადასვლაზე მიიღება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასების შემდგომ. მეორე - ყველა ეტაპიდან სწრაფი უკან გადახვევის რესურსი უნდა არსებობდეს, მესამე - ახალ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღება ასეთივე გაფართოებული მსჯელობის შედეგად. ეს ის აუცილებელი პირობებია, რომლის გარეშეც საერთოდ ყველანაირ გახსნაზე საუბარი არის უკიდურესად რისკის შემცველი. უნდა ვიყოთ იმდენად ფრთხილები, რამდენადაც შესაძლებელია. სხვანაირად ყველა იმ მეტნაკლებად პოზიტიურ შედეგს, რომელიც დღემდე გვაქვს, წყალს გავატანთ და ამის ფასი გახდება ნული,“- განაცხადა პრემიერმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს. 17 აპრილიდან ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია. 22 აპრილს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 132; გარდაცვლილია - 5; კარანტინის რეჟიმშია - 5888 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]