weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას

19:50 სამშაბათი, 28 აპრილი 2020

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად კომპენსაციას, რომლის მოცულობაც მთავრობამ 300 ლარით განსაზღვრა. დახმარების გაცემა მაისიდან იწყება.

ხუციშვილის განცხადებით, კომპენსაციის მიღების მიზნებისთვის, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი ინფორმაციის, მტკიცებულების წარდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ. „ამ ეტაპზე ჩვენს მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭირდება არანაირი შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და ეს იდენტიფიკაციის კრიტერიუმები არის საკმაოდ ცხადი. რეგისტრირებული თვითდასაქმებულები კიდევ იყოფიან კატეგორიებად იმის მიხედვით, თუ რა საგადასახადო სტატუსი გააჩნიათ მათ შემოსავლების სამსახურში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო სტატუსის მიხედვით იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების 5 კატეგორია დაასახელა, რომლებიც კომპენსაციას მიიღებენ:

  1. მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები; მათი იდენტიფიცირება ხდება 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციის და ასევე საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს ერთხელ მაინც აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველ კვარტალში დეკლარაცია ან ამავე პერიოდში ერთხელ მაინც თუ გამოყენებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია.
  2. მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე; ამ შემთხვევაშიც კრიტერიუმად განმსაზღვრელი იქნება დეკლარაცია, ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი. გარდა ამისა, იურიდიული პირის - ბაზრობის ადმინისტრაციის მიერ საგადასახადო სამსახურში იგზავნება სიები, რომლებიც მოწოდებულია თებერვლის ჩათვლით, თუ ასეთი პირი იქნება ამ სიაში, მას შეეძლება მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.
  3. პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას; ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც შექმნილა პირებისთვის, ვინც საქმიანობას ახორციელებს თონეებში, სილამაზის სალონებში და ავტოტექმომსახურების ცენტრებში. ასეთი პირებისთვის რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის რომ მათ მიიღონ კომპენსაცია; ასეთი კოდით იდენტიფიცირებულია 7000-მდე პირი.
  4. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მიკრომეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან; ეს არის გადამხდელების კატეგორია, რომელთა შემოსავალიც არის 30 ათას ლარამდე. მათ არ აქვთ ვალდებულება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების. მათი შემოსავალი სრულად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მათი მიკრობიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. ასეთ ბიზნესად რეგისტრირებული პირი 60 ათასზე მეტია.
  5. ინდვიდუალური მეწარმეები; მათთვის იდენტიფიცირების საშუალება იქნება 2020 წლის 1-ელ აპრილამდე წარდგენილი 2019 წლის საშემოსავლო დეკლარაცია. ასევე საკონტროლო-სალარო აპარატი. ერთხელ მაინც თუ ექნებათ გამოყენებული 2020 წლის პირველ კვარტალში, ისინი შეძლებენ მიიღონ ერთჯერადი კომპენსაცია.

კომპენსაციის მიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.

ჯანდაცვის სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); საბანკო რეკვიზიტები.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]