weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

56 სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამის მონაწილე აღარ იქნება

10:47 პარასკევი, 01 მაისი 2020 hits 799

„სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება. ეს დაწესებულებები ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას, 200, 300, 1000, 1500 ადამიანს, იყვნენ გაფანტულები. ჯამურად 56 დაწესებულებაზე მიბმული იყო 90 ათასი ადამიანი. ამ დაწესებულებებით მოსარგებლე პირები, სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდებიან. ამასთან, დაწესებულებები, რომლებიც 7 ათას და მეტ მოსახლეს ემსახურებიან, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას განაგრძობენ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ჯერ კიდევ იანვარში, მთავრობის დადგენილებით იქნა მიღებული და მიზნად ისახავს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტის ამოქმედებას.

„13 000 ბენეფიციარი განისაზღვრა ფინანსური მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან კაპიტაციური გათვლა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამიდან გამომდინარე, ემყარება მინიმალურ რაოდენობას 13 000 მოსახლისა, ეს მინიმალური მოცულობა აუცილებელია სერვისების მიწოდებისთვის. თუ ამაზე ნაკლებია მოსახლეობის რაოდენობა, ისმის კითხვა, თუ რამდენად ახერხებს და როგორ ახერხებს სამედიცინო დაწესებულება ფინანსების მობილიზებას იმისთვის, რომ აწარმოოს ხარისხიანი სერვისი“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

„დღეს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს სერვისის მიმწოდებლად პროგრამაში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ითვალისწინებდა ეს დადგენილება. აქ საქმე შეეხება მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას. ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა 13 ათასი და მეტი მოსახლე, ასევე მონაწილეობა პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების პროგრამებში მონაწილეობა. ეს კრიტერიუმები დაწესებულებების ნაწილმა დააკმაყოფილა. სულ 117 დაწესებულება არის თბილისის ფარგლებში, ასევე 20-მდე დაწესებულება ბათუმის და ქუთაისის ფარგლებში. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, ასევე ვიმსჯელეთ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეც მოსახლეობისთვის, თუ რომელი დარჩეს. აქ საქმე შეეხება დაბების მოსახლეობას. მაგალითად, დაბა წყნეთი, ფონიჭალა, ლილოს დასახლება, სადაც 13 ათასი მოსახლე არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იქ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის დაწესებულება დარჩეს. ასევე ვიმსჯელეთ იმ დაწესებულებებზე, სადაც მოსახლების რაოდენობა არის 7 ათასზე ზემოთ, ანუ ზღვარი არის 7-დან 13 ათასამდე. ამ შემთხვევაში, როდესაც სელექტიური კონტრაქტირება დავიწყეთ და სისტემა შევაფასეთ, ბაზისური ერთეული, რომელსაც სამომავლოდ პირველადი ჯანდაცვის სისტემა უნდა დაემყაროს, ოპტიმალური გეოგრაფიული განაწილებით იყო 7-ათასიანი ზღურბლი, რომელსაც თავისუფლად და ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლია დამატებითი მოსახლეობის მიმაგრება, რომ აწარმოოს ბაზისური სერვისი. კოვიდის ეპიდემიის პირობებში ამ დაწესებულებებისთვის, რთული იყო აქტიური მარკეტინგის წარმოება. საბჭომ გაითვალისწინა ეს და ის დაწესებულებები, რომლებიც ემსახურებიან 7 ათას და მეტ მოსახლეს, ასეთი კი სულ რამდენიმეა, პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებენ, რაც გამყარდება მინისტრის ბრძანებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს არ შეუწყობს მედპერსონალის უმუშევრად დარჩენას.

„ჩვენ გვაქვს დღეს ოჯახის ექიმების და ექთანების განსაკუთრებით მწვავე საჭიროება, ამრიგად უმუშევრობის რისკი არის პრაქტიკულად არარსებული“,- აღნიშნავს თამარ გაბუნია.

მისივე განმარტებით, 56 დაწესებულება, რომელიც აღარ გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას სპეციალიზებული ტიპის დაწესებულებებია და იქ მომუშავე ოჯახის ექიმების დიდი ნაწილისათვის, აღნიშნული მეორადი სამსახური იყო.

„ის 56 დაწესებულება, რომელიც აღარ გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას არიან სპეციალიზებული ტიპის დაწესებულებები, ისინი აწვდიან ამბულატორიულ სერვისს და იქ მომუშავე ოჯახის ექიმების დიდი ნაწილისათვის ეს იყო მეორადი სამსახური, მათი ძირითადი სამსახური იყო დიდ ცენტრებში. ამ ცენტრებში ნამდვილად არის საჭიროება იმისი, რომ რაოდენობრივად სამედიცინო პერსონალი გაიზარდოს. სამინისტრო თავის მხრივ აუცილებლად ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის მობილიზებას, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდინფექციის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს დღეს ოჯახის ექიმებისა და ექთნების განსაკუთრებით მწვავე საჭიროება, ამრიგად უმუშევრობის რისკი არის პრაქტიკულად არარსებული,“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]