weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

ყველაზე ძვირფასი მარმარილო გავიმეტეთ - მეუფე ყინწვისის ეკლესიაში იატაკის შეცვლაზე

01:23 ორშაბათი, 04 მაისი 2020 hits 1267

„ყველაზე ძვირფასი მარმარილო გავიმეტეთ. იქ იყო ჭუჭყის ბუდე, ეხლა სისუფთავე და სიწმინდეა. რატომ უნდა ავყარო, ძალიან კარგი მარმარილოა“, - აცხადებს რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი), ყინწვისის XII-XIII საუკუნეების ეკლესიაში ქვის იატაკის თვითნებურად აყრაზე და მწვანე მარმარილოს დაგებასთან დაკავშირებით.

მიტროპოლიტის თქმით, ეპარქია დახმარებას სთხოვდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მაგრამ მის წერილებს ყურადღება არ მიაქციეს.

„ჩვენ როცა ვეუბნებოდით და წერილობით ვწერდით, რომ დაგვხმარებოდნენ, უგულებელყოფდნენ ჩვენს თხოვნას. მთავრობიდან იყო ასეთი დავალება.

ჩვენს ეპარქიაში ყველაზე ნაკლები ტაძარია აღდგენილი, ამას რატომ არ სწავლობთ ჟურნალისტები? აგერ, გვერძინეთში მე-6 საუკუნის ტაძარია, არ მოდიან და არ აკეთებენ. არც უფლებას გვაძლევენ, რომ ჩვენ გავაკეთოთ“, - უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.

ყინწვისის ეკლესიაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი გასულ წელს აყარეს და იატაკზე ძვირადღირებული მწვანე მარმარილოს ფილები დააგეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სამუშაოები კანონისა და სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარღვევით შესრულდა და ახალი იატაკი დემონტაჟს საჭიროებს. მისივე თქმით,

სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

სააგენტოს შეფასებით, იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას.

ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარმა, იღუმენმა ეფრემმა თქვა, რომ ტაძრის იატაკი ისტორიულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს და მისი შეცვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ამიტომ მიიღეს.

მოგვიანებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ ყინწვისის მონასტერში იატაკის შეცვლა ტაძრის წინამძღვრის თვითნებური ქმედებაა, რაზეც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისგან, მეუფე იობისგან რეაგირებას ელოდება.

საპატრიარქოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი დაგებული იყო გასული საუკუნის 70-იანი წლებში და არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად ყოვლად გაუმართლებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]