weather cur horoscope tv
აგვისტო 13, 2020

ახალი რეგულაციების გამო სტომატოლოგიური მომსახურება ძვირდება

16:28 პარასკევი, 22 მაისი 2020 hits 751

სტომატოლოგიური მომსახურება 20 დან 30 ლარამდე ძვირდება. იმ სტომატოლოგიურ კლინიკებს, რომლებსაც ხვალიდან, 23 მაისიდან, მუშაობის უფლება მიეცემათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად გარკვეული ხარჯების გაწევა უწევთ. რეგულაციებით მოთხოვნილი ეკიპირება კლინიკებმა თვითონ უნდა შეიძინონ.

როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, „რეგინფოს“ განუმარტა, სტომატოლოგიური კლინიკები დამატებით საფასურს ინდივიდუალურად დაადგენენ იმის მიხედვით, თუ რა ხარჯის გაწევა მოუწევთ ეკიპირების შესაძენად, რადგან ჯანდაცვის უწყება სტომატოლოგებს ამ აღჭურვილობით ვერ უზრუნველყოფს.

რეგულაციების მიხედვით, ექიმმა უნდა გამოიყენოს N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი, სამედიცინო ნიღაბი, სახის ფარი, დამცავი სათვალე, არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანი, ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები და სამედიცინო ქუდი.
უსაფრთხოების დაცვა ევალება პაციენტსაც, რომლისთვისაც აუცილებელია ბახილები, სამედიცინო ნიღაბი და დამცავი სათვალე. პაციენტს კლინიკის მისაღებშივე უნდა გაუზომონ სიცხე, დაუმუშავონ ხელები ანტისეპტიკური საშუალებებით და შეავსებინონ რისკის შეფასების კითხვარი. ჯანდაცვის უწყების რეგულაციების მიხედვით, კლინიკა ვალდებულია, მისაღებში ჰქონდეს საკმარისი სივრცე დისტანცირებისთვის, ხოლო მიმღების პერსონალი დაიცვას ორგ-მინის ბარიერით.

,,პაციენტთან მუშაობისას ექიმი ისედაც იყენებდა სათვალეს, პირბადეს და ხელთათმანს, ამის საფასური არ დაემატება პაციენტის გადასახდელ თანხას, სათვალე არის მრავალჯერადი და დეზინფექცია უკეთდება. სითხეგაუმტარი ხალათი არაა ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო, გააჩნია, როგორი პროცედურებია ჩასატარებელი. ხალათი გამოიყენება მხოლოდ აეროზოლური, პარადონტოლური პროცედურების დროს. ექიმი თუ მანამდე ატარებდა კლინიკის ფორმას, ახლა ეცმევა ქირურგიული ხალათი. მომსახურების თანხას დაემატება ექიმის ეკიპირებიდან რესპირატორი, რაც აუცილებელია, ძნელი მოსახმარია და საკმაოდ ძვირია; ასევე, რადგან პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, თერმოსკრინინგი, შეავსოს კითხვარი, ყველა ამ პროცედურაში საჭირო ინვენტარის თანხაც დაემატება საფასურს“ , - უთხრა „რეგინფოს“ ქეთევან გოგილაშვილმა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება, რომელთაც მომსახურების დაწყების შესახებ განაცხადი გაუგზავნეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის განაცხადი შეავსო 278-მა კლინიკამ, უკვე შემოწმებულია 180, ნებართვა კი 164-მა მათგანმა მიიღო.

სტომატოლოგიური კლინიკების ამუშავება კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის ნაწილია. 23 მაისიდან ქვეყანაში ასევე უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]