weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მარნეულის მერს გონივრულ დროს ვაძლევ, ნარიმანოვის ძეგლი აიღოს - ეპისკოპოსი

17:33 ორშაბათი, 25 მაისი 2020

„მარნეულის მერს ვაძლევ გონივრულ დროს, ქალაქის ცენტრიდან დაუყოვნებლივ აიღოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. თუ ამის დადგმა შეცდომა იყო, საჯაროდ აღიაროს და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას“, - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას.  

ეპისკოპოსმა მრევლს ნარიმან ნარიმანოვის შესახებ ინფორმაცია მიწოდა: „რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი, არამედ ასეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე. მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თანამსახურნი, თავკაცები, რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს, მოაწყეს რეპრესიები.

მინდა, გაგახსენოთ, ვინ იყო ნარიმან ნარიმანოვი. ეს ალბათ ბევრმა აზერბაიჯანელმა არ იცის და ბევრმა ქართველმაც. გასაოცარია, საიდან შემორჩა ჩვენს ქალაქში, შუა ცენტრში, ამის ძეგლი.

ის დაიბადა საქართველოში, აქ ცხოვრობდა, მერე გადავიდა აზერბაიჯანში, იყო ბოლშევიკი. მაშინდელმა საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ მისი მეთაურობით ჯერ დაამხო აზერბაიჯანის დემოკრატიული სახელმწიფო და 1926 წელს თავს დაესხა საქართველოს. ჩვენი წინაპრების, თანამემამულეების სისხლით აქვს მას ხელი გასვრილი. შემდეგ, გამყიდველ ფილიპე მახარაძესთან ერთად მისი ხელმოწერა ამშვენებს, როდესაც საქართველოს ძირძველი მიწა-წყალი, ზაქათალის მხარე გადასცეს მეზობელ სახელმწიფოს. აი, ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი. მას დიდი წვილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში, ოკუპაციაში და მიწა-წყლის ჩამოცილებაში. ის არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი“.

მეუფე გიორგი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის გადაწყვეტილებას ძეგლის რეაბილიტაციის შესახებ, უსინდისობას უწოდებს და საბჭოთა სიმბოლიკების დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ითხოვს: „და ადამიანი, ქალაქის მერი, როდესაც ამას კადრულობს, როდესაც ფარულად, ვითარცა მპარავი, შუა ღამე ასეთ რამეს კადრულობს, ეს არის უსინდისობა. მე პირდაპირ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ ვითარებაში და არათუ მარნეულში, არამედ აღმოიფხვრას ყოველგვარი ასეთი საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკები და მათი ხელშეწყობა.

ჩვენ ღირსებააყრილი ერი არ ვართ. თუ ღირსება შეგვრჩენია საერთოდ ქართველებს, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში, ეს ჩვენი წინაპრების სულში ჩაფურთხებაა.

ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს? მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით, კანონის შესაბამისად, არაფერს უკანონობას არ ვითხოვ მერისგან, რომელიც აირჩიეს არამხოლოდ აზერბაიჯანელებმა, ქართველებმა, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი და გადაგდება ნაგავზე.

მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს რა ძეგლზეა საუბარი? ეს თამაშები არავის გამოუვა. თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ, როგორც მან უკანონობა ჩაიდინა მორალურად, ზნეობრივად და სახელმწიფოს წინაშე, მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე და დაიწყოს პროცედურები ძეგლის ასაღებად“ - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით განხორციელდა.

მარნეულის მერი ეპისკოპოსის განცხადებას ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია.

ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი დაიბადა 1870 წლის 14 აპრილს და გარდაიცვალა 1925 წლის 19 მარტს. არის აზერბაიჯანელი მწერალი, ბოლშევიკი. 1920-1921 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი. 

ნარიმან ნარიმანოვის მუზეუმი ფუნქციონირებს თბილისში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, N 41-ში. მუზეუმი 1982 წელს გაიხსნა იმ სახლში, სადაც ნარიმანოვი დაიბადა. სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო, 2007 წელს, ქუჩის რეაბილიტაციის დროს დაანგრიეს და ახალი ააშენეს. სამუშაოები „სოკარ ჯორჯიას“ და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]