weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დასანიშნად საკრებულოს პეტიციით მიმართა

09:30 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020
ფოტოზე - პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები ფოტოზე - პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები

პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ახმეტის საკრებულოში პეტიცია წარადგინა. პეტიციას ხელს 358 ამომრჩეველი აწერს.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, პანკისის ხეობაში 6 738 ადამიანი ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და საარსებო შემწეობის მიმღებია. ხეობაში 10 სკოლაა, სადაც 1210 მოსწავლე სწავლობს.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, პანკისის ხეობის სოფლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა დაასახელა. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ჩაატარა.

ხეობის სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე და პირიქით, მგზავრთა გადაყვანა ე.წ. კერძო „მარშუტკებით“ ხდება, რომელთა განრიგიც მოუხერხებელი და ცვალებადია. ხშირად კერძო გადამყვანების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. დიდი სოფლიდან (დუისი) მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს ადგილობრივი მუნიციპალური სერვისებით სარგებლობა, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა. შეზღუდული აქვთ ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო სერვისებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე, პროფესიულ განათლებაზე.

მუნიციპალური ტრანსპორტის უქონლობა პანკისის სოფლებში მასობრივი უმუშევრობის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი მიზეზია, დასაქმების მსურველი პირები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. თვითონ ხეობაში კი საწარმოები არ ფუნქციონირებს.

პეტიციაზე ხელმომწერ პირებს მიაჩნიათ, რომ მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნა პანკისის ხეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხია. ადგილობრივები მუნიციპალურ ტრანსპორტში გულისხმობენ ნაწილობრივ თანადაფინანსებაზე მყოფი სატრანსპორტო სისტემის არსებობას, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს ხეობის დასახლებულ პუნქტებს ერთმანეთთან და რაიონულ ცენტრთან, იმოძრავებს მკაცრი განრიგის მიხედვით და მათ შორის, საღამოს საათებში.

საკრებულოში პეტიცია პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ლუიზა მუთოშვილმა და თამარ გოზალიშვილმა წარადგინეს. საკრებულომ პეტიცია უკვე დაარეგისტრირა, მაქსიმუმ 2 თვეში უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]