weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს, ეს საქართველოა - აშშ-ს ელჩი ეუთოში

13:19 პარასკევი, 29 მაისი 2020

,,ე.წ. „სასაზღვრო“ ნიშნების დამონტაჟება არარსებულ საზღვარზე და მოთხოვნა, რომ საქართველოს უშიშროების ძალებმა ეს ადგილი დატოვონ, ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა, ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სოფელ ტახტიძირთან უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშრებით განცხადება  გააკეთა.

გილმორი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ უკანონო ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა მართლმადიდებლური აღდგომის შაბათ-კვირას და მსოფლიო პანდემიის კრიზისის ფონზე. ამასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს სამხრეთ ოსეთი, ეს საქართველოს უკუპირებული ნაწილია. ,,კომენტარი გაკეთდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა", - თქვა მან.

"ჩვენ მოვითხოვთ, შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა, რომლებიც გამიზნულია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების "ბორდერიზაციის" გაძლიერების ან გაფართოებისთვის. ეს საქმიანობა წარმოადგენს მოსკოვის მცდელობებს, რომ დაიპყროს ქართული ტერიტორია. აშშ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ქართული ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპირება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გულისხმობს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე მისი ძალების დაბრუნებას.“

გილმორმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ზარალდება ადგილობრივი მოსახლეობა უკანონო ბორდერიზაციისაა და გასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო. ეს ქმედებები ამწვავებს დაძაბულობას და ამასთან საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. მისთვის ცნობილია რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს უძნელდებათ ნებართვის მიღება თბილისში მკურნალობაზე.

,, 2019 წლის სექტემბრიდან, არაერთი ადამიანი დაიღუპა გაუმართლებლად, რადგან რუსეთის მიერ მართულმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ამ მოქალაქეებს უფლება არ მისცა, სამედიცინო დახმარების მისაღებად ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი გადაეკვეთათ. როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში სამი ადამიანი დაიღუპა. მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება და დაუშვან საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“

შეხვედრაზე ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ლუგარის ცენტრის ირგვლივ დაწყებულ უარყოფით საინფორმაციო კამპანიაზეც და მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

,,ნება მომეცით ფარდა ავხადო რუსეთის მცდელობას გამოიყენოს პანდემია საზიანო გავლენების გასაძლიერებლად, ამ შემთხვევაში კვლევითი ცენტრების შესახებ ტყუილების გავრცელებით. სიმართლე ესაა: ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. ლიმიტირებული კვლევის კანონიერი მეთოდებით, პროაქტიული დაგეგმვით და დაავადებათა მონიტორინგით, სანდო საჯარო გზავნილებით და  ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებთან კოორდინირებული კომუნიკაციით, მან მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას საქართველოში და ხელი შეუწყო ადამიანების გადარჩენას. მოსკოვის ეჭვები საბჭომ არ უნდა განიხილოს."

გილმორის თქმით, მიუხედავად მოსკოვიდან მომდინარე საგარეო საფრთხეებისა, საქართველო უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების დამცველ სახელმწიფოდ იქცა. მან განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სადაც საქართველო ნატოს არა-წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.

,,საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გილმორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]