weather cur horoscope tv
ივლისი 10, 2020

„თუ რეგულაციები არ შემსუბუქდა, სექტორი ჩამოიშლება“ - მოლაშქრეთა ფედერაცია

13:11 ორშაბათი, 01 ივნისი 2020 hits 805

15 ივნისიდან შიდა ტურიზმის სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი ხდება, ხოლო 1 -ლი ივლისიდან, ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც უმასპინძლებს. უკვე ცნობილია რეგულაციები, რომელთა დაცვაც ტურისტულ კომპანიებს, ტუროპერატორებსა და გიდებს მოუწევთ. წესები მტკივნეულად არ გამოიყურება მსხვილი ტურისტული კომპანიებისთვის, თუმცა მოლაშქრე კლუბები შიშობენ, რომ რეგულაციები ძალიან დააზარალებს.

დისტანციის დაცვა, ტრანსპორტში მგზავრების სავარძელგამოტოვებით განთავსება, ბარიერი მძღოლსა და ავტომობილის ძირითად სივრცეს შორის, ხშირად გამოყენებული ნივთების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ - ასეთია ძირითადი რეგულაციები ტურიზმის სფეროსთვის. გიდებს ასევე ევალებათ საკუთარი და ვიზიტორების ყოველდღიურად ტემპერატურის შემოწმება და მონიტორინგისთვის ჟურნალის წარმოება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეგულაციების მიღებისას ჯანდაცვის უწყება სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობდა. ,,მათი ყველა თხოვნა ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს. ეს არის სრული პასუხისმგებლობით დანერგილი რეგულაციები, რაც პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ეს არ იქნება მძიმე ტვირთი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის“, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

სექტორის წარმომადგენლები, ვისთანაც ჯანდაცვის უწყებამ ითანამშრომლა, იურიდიული სტატუსის მქონე მსხვილი ტურისტული კომპანიები არიან, შიდა ტურიზმის სფეროში კი ასევე მუშაობენ კერძო გიდები და მოლაშქრე კლუბები. ადგილობრივი დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე კონტიგენტი, უმეტესად, სწორედ მათი მომსახურებით სარგებლობს.

რეგულაციების შემუშავებისას არცერთი უწყებისგან კონსულტაციებზე შეთავაზება არ მიუღია მოლაშქრეთა ფედერაციას, რომლის პრეზიდენტსაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.

,,დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი განხილვას და რამდენიმე კითხვას დავუსვამდი იმ ადამიანებს, რომლებმაც რეგულაციები ამ სახით ჩამოაყალიბეს: პირველ რიგში, თერმოსკრინინგის საკითხს დავაყენებდი. მაგალითისთვის, თუ ტური მიდის სამდღიან ლაშქრობაში მაღალმთიან რეგიონში და მეორე დღეს ტურის მონაწილეს აღენიშნა ტემპერატურის მატება, რაც ხშირია ალპურ ზონაში გადაადგილებისას აკლიმატიზაციის გამო, ამ შემთხვევაში რა ხდება, ტური ჩაიშლება და ყველა მონაწილე კარანტინში გადაგვყავს?

მეორე, რა ბერკეტი არსებობს მონიტორინგის, ვინ დააკვირდება რეგულაციების შესრულების პროცესს და თუ დავარღვევთ მერე რა მოხდება? რა სახის ჯარიმები დაწესდება? ამ ყველაფრის კონტროლი ძალიან რთული იქნება, რადგან უბრალოდ არ არსებობს შრომის ინსპექციის სამსახურში იმდენი ადამიანი, რომელთაც აქვთ მთაში რთულ მარშუტზე გადააადგილების გამოცდილება თუნდაც ხევში, ხევსურეთში ან თუშეთში..“, - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი, ანრი რობაქიძე, „რეგინფოსთან“ საუბარში.

მოლაშქრე კლუბებისთვის მთავარი პრობლემა ტრანსპორტში მგზავრების განთავსების შეზღუდვაა. ამ რეგულაციის გამო, ბევრმა მოლაშქრე კლუბმა, რომელიც მზად იყო სეზონის დაწყებისთანავე ელაშქრა, წინაწარ დაანონსებული ტურები გააუქმა.

,,თუ აქამდე ერთ სატრანსპორტო საშუალებაში შეგვეძლო ჩაგვესვა 20 ადამიანი, ახლა შეგვიძლია დავსვათ 9-8 ადამიანი, რაც ფასების 50% ით ზრდას გამოიწვევს. მართალია, ეს რეგულაცია ჩემზე უფრო კომპეტენტრმა პირებმა მიიღეს, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეიძლება დისტანციად ჩაითვალოს ერთი სკამის გამოტოვება ტრანსპორტში?“ - უთხრა „რეგინფოს“ ანრი რობაქიძემ, რომელიც ფიქრობს, რომ თუკი კლუბები იძულებულნი გახდებიან, ფასი გააორმაგონ, სერვისი უმრავლესობისთვის ძველებურად ხელმისაწვდომი ვეღარ იქნება.

ფედერაციის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ბევრი გვერდს აუვლის ამ რეგულაციას და ვერც სახელმწიფო მონიტორინგი შეძლებს გაკონტროლებას, - „ვერავინ დაუმტკიცებს ჯგუფს ტურის მონაწილეები არიან თუ უბრალოდ სამეგობრო წრე“.

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია აპირებს, დეტალური განმარტების მისაღებად ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების უწყებებს მიმართოს. ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სექტორის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად რეგულაციები შემსუბუქდება. ,,არ არსებობს ნახევრად გახსნილი საზღვრები ტურიზმის სფორში. ძნელია თამამად აკეთო საქმე, როცა ბოლომდე არ გაქვს კითხვებზე პასუხები.“ - ამბობს ანრი რობაქიძე.

რეგულაციები ასე მტკივნეულად არ გამოიყურება მსხვილი ტურისტული კომპანიებისთვის. კომპანია ,,დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორმა ნინა კეკელიძემ „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ წესების შემუშავებაში თავადაც მონაწილეობდა.

,,ფასების ზრდა არის გარდაუვალი. ნებსმიერ სფეროში ფასები უკვე დაახლოებთ 30 – 40 % ით გაიზარდა. ტურიზმიც იქნება ის დარგი სადაც ტარიფები აიწევს და ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ. სამწუხაროდ, სერვისი ისეთი ხელმისაწვდომი ვეღარ იქნება მოქალაქეებისათვის ბევრი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით: დიდი ზარალი განიცადეს ავია კომპანიებმა, ტუროპერატორებმა, სასტუმროებმა და მათ რომ გადარჩენა მოახრეხონ პირველ რიგში ფასებს მოუმატებენ. ელემენტარულად ეკიპირება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თანამშრომლების შენარჩუნება დიდ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძველ რეალობაში ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით.

რაც შეეხება სატრანსპორტო რეგულაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ერთერთი რეკომენდაციაა მეტრნახევარით დისტანციის დაცვა. ამას ჩვენი სახელმწიფო, ან კერძო სექტორი არ იგონებს. ჩვენ ვიღებთ ამ რეკომენდაციებს ჯანმოსგან და გვინდა არ გვინა ვემორჩილებით მას, რადგან მსოფლიო პანდემიასთან გვაქვს საქმე. დისტანცია ტრანსპორტშიც უნდა იქნას დაცული, რის გამოც მომხმარებლის გვერდით სავარძელი ცარიელი უნდა იყოს“, - ამბობს ნინა კეკელიძე.

მომხმარებლის შემცირების პროპორციულად შემცირდება შემოსავალი ტუროპერატორებისთვის. ნინა კეკელიძის თქმით, ზარალის გამო სახელმწიფო გეგმავს ტურისტული კომპანიების სუბსიდირებას. ამ ეტაპზე ეს იყო 200 ლარიანი დახმარება თითოეულ თანამშრომელზე, გარდა ამისა, კომპანიებს კომუნალური და საშემოსავლო გადასახადებიც გადაუვადდებათ, დაგეგმილია გარანტიის საკომისიოს ნაწილის დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან.

,,გიდების მიმართ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არაა, გარდა იმისა რომ დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე, შეამოწმონ ტემპერატურა, დაიმუშავონ ხელები, ესაა ის ელემენტარული რაც ბოლო ორი სამი თვის განმავლობაში ჩვენ გაგვიჯდა უკვე, ახლა ის უნდა გადავიტანოთ პროფესიულ ნაწილში.“ - აღნიშნა „რეგინფოსთან“ საუბარში „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორმა.

მისი თქმით, რეგულაციების შემმუშავებელ კომისიაში შრომის უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელიც შედიოდა, თუმცა ტუროპერატორებთან არ განხილულა, თუ რა ბერკეტებს გამოიყენებს უწყება მონიტორინგისთვის. მხოლოდ ცნობილია, რომ შრომის ინსპექცია შეამოწმებს გიდების, მძღოლების და სასტუმროების მწყობრში ყოფნას რეგულაციების შესაბამისად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]