weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს წევრი ითხოვს

15:41 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე, დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის ოფიციალურად დასაწყებად, საბჭოს ორ წევრთან კონსულტაციებს მართავს.

გია ქარცივაძემ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, საბჭოს წერილობით უკვე მიმართა, მაგრამ ოფიციალური მსვლელობის დაწყებისთვის მას სამკაციანი ბორდიდან კიდევე ერთი თანამოაზრე სჭირდება.

„მე კი მივმართე საბჭოს მაგრამ კანონის მიხედვით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მოთხოვნა სჭირდება, მე უკვე გავდივარ კონსულტაციებს ორ ადამიანთან და ვნახოთ რა იქნება,“  - უთხრა გია ქარცივაძემ „რეგინფოს“

ის სრულად იზიარებს ალექსანდრე მილორავას  მოთხოვნებს, რომელიც უკვე მეექვსე დღეა, ტელევიზიასთან  გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს, თუმცა პროტესტის უკიდურეს ფორმას არ ეთანხმება და მას  შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„მის მოთხოვნებს ვიზიარებ სრულად, უბრალოდ ის ფორმა რომელიც მან აირჩია არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობისთვის და ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“, - ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

გია ქარცივაძე ასევე დასძენს, რომ თუ მრჩეველთა საბჭო არ გააკეთებს იმას, რაც კანონით ევალება, აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ  გააგრძელებს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას, განსაკუთრებით, კი ისეთი თანამშრომლებისას, რომლებიც „მორჩილებაში არ ჰყავს“.

ინფორმაცია ქარცივაძის მიერ საბჭოში განცხადების შეტანის შესახებ პირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა, რომელმაც ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნის პარალელურად, აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, შორენა ღლონტი გაათავისუფლეს.

საინფორმაციოს უფროსობიდან ის ჯერ 3 თვით ვებგვერდის კონსულტანტად გადაიყვანეს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს.

„რეგინფომ“ კომენტარისთვის შორენა ღლონტთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ჩვენთვის უცნობია, აპირებს თუ არა ის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივრის შეტანას. შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლებას სასამართლოში უკვე  ასაჩივრებს.

გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული - ტელევიზიის დირექტორს ყოფილი თანამშრომლები უჩივიან. გიორგი კოხრეიძის მმართველობას აჭარის მაუწყებელში არაერთი გადაცემის შეჩერება, წამყვანების, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება და პროტესტი უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]