weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზუგდიდის მერს შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე პროკურატურაში უჩივლეს

16:51 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება ზუგდიდში, ყოფილი სახანძრო სამსახურის ტერიტორიაზე, ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციულ გარიგებას.

წითლიძის განცხადებით, მიწის ნაკვეთზე, სადაც საერთაშორისო ბრენდის რესტორანი უნდა აშენებულიყო, რაც ადგილობრივების დასაქმებასაც გულისხმობდა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ანა წითლიძე ამბობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიც არის ჩართული.

„აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2015 წლიდან დაკისრებული ვალდებულებები მოიხსნა და „ვისოლის“ შვილობილ კომპანიას „ზუგდიდი პალასს“ კომერციული სტატუსით გადაეცა. ეს კომპანია რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა.

„2015 წლიდან დღემდე, სამჯერ დარღვეული ვადებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას პირგასამტეხლო დაკისრებოდა, მერის ინიციატივით საკრებულომ მშენებლობის ვადები გადაუვადა“, - უთხრა წითლიძემ „რეგინფოს“.

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას ერთპიროვნულად არ მიუღია.

„დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა ჩემს წინააღმდეგ მორიგი საჩივარი შეიტანა პროკურატურაში, რაც კონკრეტულ საქმეს უკავშირდება. მინიმუმ, „ნაცმოძრაობის“ ეს აქტივისტი არის საკრებულოს წევრი და მან უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ მერი არ იღებს ერთპიროვნულად. რაც შეეხება მშენებლობის განაშენიანებას, აქ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ კოლეგიალურად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მერიის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. მე ვურჩევდი მას, რომ ვიდრე მსგავსი საკითხებით დაკავდება, საკრებულოს სხდომებს დაესწროს, კომპეტენცია აიმაღლოს და უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს“, - აღნიშნა მერმა სააგენტო „ლაივპრესსთან“.

ზუგდიდის მერის ინფორმაციით, კომპანიამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 200 ათასი ლარი გადაიხადა. ამას ადასტურებს ანა  წითლიძეც, მაგრამ აცხადებს, რომ კომპანიამ ვალდებულებების შესასრულებელი ვადა რამდენჯერმე დაარღვია და პირგასამტეხლო მილიონს აღემატება. „200 ათასი ლარი ამ კომპანიას შემოტანილი აქვს, მაგრამ უცნობია ამ თანხის მიზნობრიობა. მერმა რომ დაითვალოს რამდენჯერ გადაუვადეს მშენებლობისთვის ვადა და რამდენჯერ არ გადაიხადა ჯარიმა - ეს არის 1 200 000 ლარი, რაც რა თქმა უნდა, ზუგდიდის ბიუჯეტს დააკლდა“.

აუქციონის წესით, 363 ათას ლარად კომპანია „ვენჯორჯიამ“ მუნიციპალიტეტისგან ყოფილი სახანძროს ტერიტორიაზე მიწა 2015 წელს იყიდა. ამავდროულად მას დაეკისრა ვალდებულებები, რომ შემოიყვანდა საერთაშორისო ბრენდს და დაასაქმებდა 70 ადამიანს, ასევე ქალაქში განახორციელებდა 1.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გასულ წელს, საკრებულომ კომპანიას 200 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ვადაგადაცილების შემთვევაში კი 300 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდა, თუმცა საკრებულომ კომპანიას დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 2017 წელსაც აპატია. „ლაივპრესის“ ცნობით, „ვენჯორჯიას“დამატებით 2 წელი მიეცა ვალდებულებების შესასრულებლად და განთავისუფლდა ჯარიმისგან. სხდომას ესწრებოდა კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ მფლობელი სოსო ფხაკაძე, რომელმაც პირობა დადო, რომ ორ წელიწადში ზუგდიდში საერთაშორისო ბრენდი, „დანკინ დონატსი“ ან „ვენდისი“ შევიდოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]