weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქორწილის ან ქელეხის დროს ხალხმრავლობის შემთხვევაში ჯარიმა 10 ათას ლარამდეა

18:29 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ქორწილის, იუბილეს, ქელეხისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული, ამიტომ მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია.

თუ ასეთი რამ მოხდება, ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2000, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით. მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება გამოიჩენს პასუხისმგებლობას, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო პირი 20 ლარით დაჯარიმდება.

„თუ იურიდიული პირი ვერ ან არ გააკონტროლებს და დაუშვებს პირს პირბადის გარეშე, მას დაეკისროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ესეც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იქ, სადაც სერვისის მიღება ხდება, იქნება ეს ბანკები, სავაჭრო ქსელები თუ სხვა და ეს არის საჯარო დახურული სივრცე, მოქალაქეები ვალდებულები არიან, ატარონ პირბადე. აქ, გამონაკლისი არავისზე არ იქნება.

ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს პირბადის ტარება, ან პირბადის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ ჯანმრთელობის სხვა რაიმე გართულებები, აქ სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს.

ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შემუშავდება“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]