weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

სანოტარო საქმიანობა პოლიტიკური ნიშნით შემიჩერეს – ბაჩანა შენგელია

18:39 პარასკევი, 26 ივნისი 2020 hits 1059
სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს პოლიტიკური ნიშნით მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში. მისი თქმით, 19 ივნისს ქსელიდან გამოურთეს პროგრამა, რომელითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიას მიმართ დისციპლინური წარმოება 22 ივნისს აქვს დაწყებული იმ საფუძვლით, რომ 18 ივნისს ის სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და სანოტარო საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა. ბაჩანა შენგელიას განმარტებით, სამსახურში ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ იყო, შემცვლელის დანიშვნის უფლება კი ნოტარიუსს კანონით აქვს მინიჭებული.

ბაჩანა შენგელია მის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს და დედის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აქტივობას უკავშირებს.

„მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ პოლიტიკური დევნის კამპანიის გაგრძელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაჩემის, ია კერზაიას მიმართ“, – განაცხადა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია მიმართავს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

ამ საკითხს დღეს პარლამენტშიც გამოეხმაურნენ, სადაც წლიური ანგარიშით პრემიერ-მინისტრი წარდგა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ლელა ქებურიამ მომხდარი „უკიდურეს პოლიტიკურ უსინდისობად“ და იუსტიციის მინისტრის მიერ ანგარიშსწორების მიზნით ჩადენილ დანაშაულად შეაფასა.

„ხისტად და ყოველგვარი წესების გარეშე მორიგ იერიშს ახორციელებთ ოჯახზე, რომლის წევრმაც სიცოცხლით გადაიხადა ფასი თქვენი ძალადობრივი და ამორალური პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად და თქვენ ამბობთ, რომ ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება ხართ?!“ – განაცხადა ლელა ქებურია.

დეპუტატს იუსტიციის მინიტრმა, თეა წულუკიანმა უპასუხა. მისი განცხადებით, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია.

„ამიტომ, იქნებ დაანებოთ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. „კოვიდის“ და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, იქნება ეს თუ ის, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია წესი, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობის უფლება და ნუ აპოლიტიზებთ ამ თემას ძალიან გთხოვთ და ნუ მაფიქრებინებთ, მე რას ვფიქრობ ეს მეორეა, მაგრამ საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია. ნუ აფიქრებინებთ ამას საზოგადოებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტის წინაშე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში წარდგება, მაშინ იქნება შესაძლებელი იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება ან ვინმეზე რაიმე სახდელის დაკისრება განიხილონ.

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილია. კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა, რასაც ბაჩანა შენგელია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

2018 წლის 9-15 ნოემბერს სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის სამეურვეო საბჭოს ია კერზაიას გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა, რაც საბჭოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული. ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

2019 წლის 11 თებერვალს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით, 2019 წლის აგვისტოში გამოძიება შეწყვიტა.  ამის შემდეგ ბაჩანა შენგელიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]