weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

16:27 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

დღეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული არსებითი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

კომისიამ იმსჯელა სამი თემატური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელთა მუშაობაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

როგორც კომისიის თანათავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, თემატური ჯგუფების შექმნა შესაბამისობაშია იმ მთავარ სეგმენტებსა და სამოქმედო გეგმების შესრულებასთან, რაც კომისიის მანდატშია.

„საუბარია სამოქმედო გეგმებზე - გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე - გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ვალდებულებების რეალიზაციაზე“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მანდატით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უწყებების კოორდინირებულ მუშაობას.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა.

კომისიის მანდატში ერთიანდება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

კომისია ასევე იმუშავებს, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა და სხვა.

კომისია წარმოადგენს სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მაკოორდინირებელ ორგანოს, რომელიც კონვენციის მოქმედების სფეროში შესული საკითხების შესრულებასაც დააკვირდება.

უწყებათაშორის კომისიაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]