weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

18:50 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციური კანონის პროექტის, რომელიც საარჩევნო სისტემის შესცვლას ეხება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე.

„ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც ამ ცვლილებას მხარი დაუჭირა და რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ამ ცვლილებებს ყველა უჭერს მხარს, რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, ჩვენი დემოკრატიისკენ, ჩვენი სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი; სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში.

კონსტიტუციით და მორალურად ჩემ თავს პასუხისმგებლად ვთვლი, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის მძიმე ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ პასუხისმგებელი ვიყავი. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს სწორედ გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა.

ასევე, არ შეიძლება, ხაზი არ გავუსვა ელჩების, ფასილიტატორების როლს ამ პროცესში და მათ მადლობა ვუთხრათ იმიტომ, რომ მათი ნაბიჯი, მათი ჩართულობა იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ ორიენტირებული.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება, არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველა ერთად და მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. მჯერა ისიც, რომ ვერც პანდემია ვერ შეგვიშლის ხელს ამაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 წევრი შევა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]