weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსეთის მთავარ სამხედრო ტაძარში აგვისტოს ომის მონაწილეები გამოსახეს

11:46 პარასკევი, 03 ივლისი 2020

მოსკოვთან მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში ერთ-ერთ ფრესკაზე აფხაზეთის კონფლიქტისა და აგვისტოს ომის მონაწილეები გამოსახეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სერგეი ივანოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ყველა ააღელვა ტაძარში განთავსებულმა მოზაიკამ პუტინის გამოსახულებით, თუმცა ჯერჯერობით არავინ განიხილავს ამავე ტაძარში გაკეთებულ მეორე პანოს, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კონფლიქტების მონაწილეები გამოსახეს.

მისი ინფორმაციით, ფრესკის ქვედა ნაწილში შემდეგი წარწერაა დატანილი:

„სამოქალაქო ომი ჩინეთში, ომი კორეაში, შეიარაღებული კონფლიქტი უნგრეთში, ლაოსში, ალჟირში, იემენში, ომი ვიეტნამში, შეიარაღებული კონფლიქტები სირიაში, ეგვიპტეში, ჩეხოსლოვაკიაში, კონფლიქტი დამანის ნახევარკუნძულზე, ომები კამბოჯასა და ბანგლადეშში, ომი ანგოლაში, შეიარაღებული კონფლიქტები ეთიოპიასა და ნიკარაგუაში, საერთაშორისო მისიის შესრულება ავღანეთში, შეიარაღებული კონფლიქტები ლიბანში, ჩადიში, კონფლიქტი ყარაბაღში, ომი იუგოსლავიაში, შეიარაღებული კონფლიქტები აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს იძულება მშვიდობისკენ (აგვისტოს ომი), ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან სირიაში, ყირიმის შემოერთება“.

ფრესკის ამსახველი ფოტო დიაკვანმა ანდრეი კურაევმაც გამოაქვეყნა კომენტარით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი ისტორიის გაუპატიურებას აგრძელებს.

აღნიშნული ტაძარი „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 75-ე წლისთავთან დაკავშირებით აშენდა და მიმდინარე წლის 22 ივნისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პატრიარქი კირილი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრნენ.

ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე შეცვალეს პანო, რომელზეც პუტინი, სერგეი შოიგუ, ასევე ყირიმის გუბერნატორი და რუსეთის სხვა ჩინოვნიკები იყვნენ გამოსახული. პუტინის პორტრეტი ხატით შეცვალეს, ჩინოვნიკები კი სასულიერო პირების გამოსახულებით. გარდა ამისა, მოზაიკიდან გააქრეს ყირიმის ანექსიისადმი მიძღვნილი წარწერა „ყირიმი ჩვენია“.

ტაძრის მშნებლობის სავარაუდო ღირებულებამ 6 მილიარდი რუბლი შეადგინა. აცხადებენ, რომ აქედან ნახევარი მრევლის შეწირულობაა, ხოლო დანარჩენი თანხა ხელისუფლებამ გამოყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]