weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს – შსს

14:45 სამშაბათი, 07 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბორცვაძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ყველა შესაძლო ვერსიაზე.

„საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, საქმეზე 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები, მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით, ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა, რაც 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრნენ მცხეთაში.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ძალადობის თავიდან ასაცილებლად გაიქცნენ მდინარე არაგვის მიმართულებით. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით დაედევნენ გაქცეულებს, რომლებმაც სცადეს მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალვა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, მოძალადეებმა გააგრძელეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც შაქარაშვილი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]