weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თეთრი ფურგონი და უცნობი მამაკაცი – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

18:10 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020
ფოტოკადრი მთავარი არხის ვიდეოდან ფოტოკადრი მთავარი არხის ვიდეოდან

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ახალი ვიდეომასალა, სადაც თეთრი ფურგონი, უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი და შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ (გური) ამირხანაშვილი ჩანან.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურას აქვს, აქამდე ტელევიზიებმა ნაწილობრივ გაუშვეს, რადგან ყურადღება არ გამახვილებულა თეთრ ფურგონზე, რომელიც მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურთან მას შემდეგ ჩნდება, რაც იქ გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან მომავალი TOYOTA CAMRY-ის მარკის ავტომობილიდან ჩამოსვეს. პროკურატურა აცხადებს, რომ ამირხანაშვილი ექვსმა პირმა მცხეთაში, ბუჩქებში დამალული იპოვა და მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა - „მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს თბილისში“.

„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს, რომ თეთრი ფურგონიდან ახალგაზრდა, თეთრპერანგიანი მამაკაცი გადმოდის და იმ მიმართულებით მიდის, საითკენაც ცოტა ხნის წინ გურამ ამირხანაშვილი წავიდა. „მთავარი არხის“ თანახმად, უცნობი პიროვნება, რომელიც შესაძლოა ავთანდილ ბილანიშვილი (მეტსახელად „კაწრო“) იყოს, ამირხანაშვილს ხვდება და დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში უცნობი ავტომანქანის არსებობასთან დაკავშირებით ვიდეოკადრები ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „პოლიტმეტრშიც“ გავიდა. გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია ამბობს, რომ თბილისი-მცხეთის გზის პირას, სადაც გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, გაჩერდა სავარაუდოდ TOYOTA CAMRY-ის მარკის ავტომანქანა. იმავე ადგილს დაახლოებით ორ წუთში კიდევ ერთი ავტომობილის მიუახლოვდა და იქ თითქმის ხუთი წუთი იყო გაჩერებული. ავტომობილის ტიპი და მარკა კადრებში არ ჩანს.

ამ კადრების გავრცელებამდე, დასახელებულ ავტოსანრანსპორტო საშუალებასთან, ასევე უცნობი პირისა და გურამ ამირხანაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებების მხრიდან არაფერი ყოფილა ნათქვამი. 

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ ავტომანქანა, რომელზეც ვახო სანაია საუბრობდა, თბილისი-ჭიათურის მიკროავტობუსი იყო.

„დადგენიალია მძღოლი, დადგენილია ავტომანქანა, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და რამდენადაც ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს-ხვალ კითხვები ამოიწურება“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსის ხუთი წუთით გაჩერების ზუსტი მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის.

დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის ამ დროისთვის უცნობი პირი თეთრი ფურგონიდან.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა, რაც 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრნენ მცხეთაში.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ძალადობის თავიდან ასაცილებლად გაიქცნენ მდინარე არაგვის მიმართულებით. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით დაედევნენ გაქცეულებს, რომლებმაც სცადეს მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალვა“, – აცხადებს შსს.

გამოძიების ინფორმაციით, ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით შაქარაშვილი მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, ხოლო მისი მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ბუჩქებში იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 22 ივნისს მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

შინაგან საქმეთა მინისტრო აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]