weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში აღმოაჩინეს

22:14 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020 hits 4665
momkhmarebeli.ge-ის ფოტო momkhmarebeli.ge-ის ფოტო

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შემოწმდა. momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, 5 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

გერმანულ ლაბორატორიაში შეამოწმეს საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

საღებავი „სუდან 1“ აღმოჩენილია შემდეგ პროდუქტებში:

  1. ცხარე საწებელი „ჯაკომო“ - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ სულხან შონია/საქართველო
  2. ტომატის კეტჩუპი „კალვე“ - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს „უნილევერ რუს“/რუსეთი
  3. აჯიკა „აფხაზური, ეს“ - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს „ეს“/საქართველო
  4. „ხათოს აფხაზური აჯიკა“ - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ თამარ ყოლბაია/საქართველო
  5. აჯიკა „ნენა“ - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო ჩოხატაური“/საქართველო

momxmarebeli.ge-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 

„ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას“, - აცხადებს momxmarebeli.ge.

ანალოგიური კვლევების შედეგები 2019 წლის აგვისტოსა და 2020 წლის მარტშიც გამოქვეყნდა და არასაკვები საღებავები 9 ნიმუშში აღმოჩნდა. 

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ აგვისტოში გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. 

წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. 

ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში“, - აცხადებს momxmarebeli.ge.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის მარტის კვლევის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა.

momxmarebeli.ge-ის შეფასებით, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში „სუდანით“ დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. 

„დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა, მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში განმეორებით, მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად“, - აცხადებს momxmarebeli.ge.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]