weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

შაქარაშვილის საქმეს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მუხლით გამოიძიებენ

14:04 პარასკევი, 10 ივლისი 2020 hits 1507

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს, გარდაცვალების ნაწილში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამოიძიებენ. აღნიშნული კვალიფიკაცია დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო.

„სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით“, – განაცხადა პროკურატურამ.

დღეს, 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვანა გამოაქვეყნა, რომლის მიხევითაც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნით, „ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში“.

„აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

აქამდე გიორგი შაქარაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით იძიებდა. ამ მუხლებით საქმეზე ბრალდებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]