weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა

17:34 პარასკევი, 17 ივლისი 2020
ფოტოზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ფოტოზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება, ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომელმაც მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა.

პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტის თანახმად, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე - 27-ე მუხლების დარღვევის (კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილის/აქციების ან/და აქტივების გასხვისება, ასევე შერწყმა) გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომისია უფლებამოსილი იქნება დანიშნოს სპეციალური მმართველი. ამასთან, კანონპროექტი ადგენს რომ სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. კანონპროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე.

სპეციალურ მმართველს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებულიპირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ. რაც შეეხება მოთხოვნებს, მას განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით უნდა ჰქონდეს: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების შესასრულებლად.

პროექტის თანახმად, სპეციალურ მმართველს შეეძლება განახორციელოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის კონტროლი. კერძოდ: 1.დანიშნოს ან გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები; 2.სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს; 3. ავტორიზებულ პირს/ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა.

სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებასთან, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასა და დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ბიუჯეტიდან.

სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დაუშვებელია ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის სახელით სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმბოს გარეშე ნებისმიერი ქმედების განხორციელება.

კომისია უფლებამოსილია სპეციალური მმართველი ნებისმიერი საფუძვლითა და ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს.

სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება ავტომატურად არ გამოიწვევს მათი მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]